|
ტერმინოლოგია
სოციალურ სფეროზე ორიენტირებული საზოგადოებრივი
ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრებიდან გამოიკვეთა, რომ
დღემდე მიმდინარეობს დისკუსია თუ რა ტერმინები იქნას გამოყენებული შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ.
პირველი ეტაპისთვის გადავწყვიტეთ შეგვესწავლა რა ტერმინები გამოიყენება
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ საერთაშორისო აქტებში და
საქართველოს შიდა კანონმდებლობაში.
ტერმინოლოგია რომელიც გამოიყენება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების
მიმართ საერთაშორისო აქტებსა და საქართველოს კანონმდებლობაში
საერთაშორისო აქტები
"შეზღუდული შესაძლებლობების (უნარების) მქონე პირთა უფლებების შესახებ"
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დეკლარაცია (1975 წლის 9 დეკემბერი).
დეკლარაციაში გამოყენებულია ტერმინი "შეზღუდული შესაძლებლობის (უნარების) მქონე
პირი" და მოცემულია შემდეგი განმარტება:
"შეზღუდული შესაძლებლობების (უნარების) მქონე პირი არის ნებისმიერი ადამიანი,
რომელსაც არ აქვს უნარი მთლიანად ან ნაწილობრივ უზრუნველყოს თავისი თავი
ჩვეულებრივი (ნორმალური) ადამიანური ან სოციალური ცხოვრების საჭიროებებით,
გონებრივი ან ფიზიკური შესაძლებლობების თანდაყოლილი ან არათანდაყოლილი დეფექტის
შედეგად"1.
"შეზღუდული შესაძლებლობების (უნარების) მქონე პირების უფლებების შესახებ"
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია (2007 წლის 30 მარტი).
კონვენციაში გამოყენებულია ტერმინი "შეზღუდული შესაძლებლობის (უნარების) მქონე
პირი" და მოცემულია შემდეგი განმარტება:
"შეზღუდული შესაძლებლობების (უნარების) მქონე პირებში იგულისხმებიან პირები,
რომლებსაც აქვთ გრძელვადიანი ფიზიკური, გონებრივი, ინტელექტუალური ან სენსორული
დაზიანება, რომლებმაც სხვადასხვა ბარიერებთან ურთიერთობისას (შეხებისას)
შეიძლება შეაფერხოს ისინი ან ხელი შეუშალოს მათ სრულ და ეფექტურ მონაწილეობას
საზოგადოებაში სხვების თანასწორად"2.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის "ბავშვთა უფლებათა კონვენცია" (1989 წლის 20
ნოემბერი)
კონვენციის ოფიციალური ქართული ვარიანტის 22-ე მუხლში გამოყენებულია ტერმინები:
"გონებრივად და ფიზიკურად არასრულყოფილი ბავშვი", "არასრულფასოვანი ბავშვი"3 .
კონვენციაში არ არის მოცემული ზემოთ აღნიშნული ტერმინების განმარტება.
საქართველოს კანონმდებლობა
საქართველოში მოქმედებს საკანონმდებლო აქტები, რომლებიც იძლევა ტერმინის
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის განმარტებას, პირისათვის შეზღუდული
შესაძლებლობის სტატუსის მინიჭების პროცედურებს, აგრეთვე განამტკიცებს მათი
სოციალური დაცვის გარანტიებს.
"შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს
კანონი (1995 წლის 14 ივნისი).
1995 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი "ინვალიდთა სოციალური დაცვის
შესახებ", რომელსაც 2001 წლის ცვლილებებითა და დამატებებით ეწოდა საქართველოს
კანონი "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ",
აგრეთვე კანონის მთელ ტექსტში ტერმინი "ინვალიდი" შეიცვალა ტერმინით "შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირი".
კანონში ტერმინი "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი" განმარტებულია
შემდეგნაირად:
"შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი არის ადამიანი, რომელსაც დაავადების,
ტრავმის, გონებრივი თუ ფიზიკური დეფექტის შედეგად დარღვეული აქვს ორგანიზმის
სასიცოცხლო ფუნქციები ჯანმრთელობის მეტ–ნაკლებად მოშლის გამო, რაც განაპირობებს
პროფესიული შრომის უნარის სრულ ან ნაწილობრივ დაკარგვას ანდა ყოფა-ცხოვრების
არსებით გაძნელებას".
"სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ" საქართველოს კანონი (2001 წლის 7
დეკემბერი).
2001 წელს პარლამენტმა მიიღო კანონი "სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ".
კანონის მთელ ტექსტში გამოიყენება ტერმინი "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი" და იგი განმარტებულია შემდეგნაირად:
"შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი არის ადამიანი, რომელსაც დაავადების,
ტრავმის, გონებრივი თუ ფიზიკური დეფექტის შედეგად, ჯანმრთელობის მეტ-ნაკლებად
მოშლის გამო, დარღვეული აქვს ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციები, რაც
განაპირობებს პროფესიული შრომის უნარის სრულ ან ნაწილობრივ დაკარგვას ანდა
ყოფა-ცხოვრების არსებით გაძნელებას, რასაც იგი მიჰყავს ქმედობაუნარიანობის
დროებით ან მუდმივ შეზღუდვამდე და სოციალური დაცვის საჭიროებამდე".
საქართველოში აგრეთვე მოქმედებს მრავალი სხვა საკანონმდებლო აქტი, რომლების
უმრავლესობაშიც გამოყენებულია ტერმინი "ინვალიდი", თუმცა არ იძლევა ამ ტერმინის
განმარტებას, მაგალითისთვის შეიძლება მოვიყვანოთ:
- "სპორტის შესახებ" საქართველოს კანონი- კანონის მთელ ტექსტში გამოყენებულია
ტერმინი "ინვალიდი". მაგალითად: მე-15 მუხლი "სპორტი ინვალიდებისათვის", "ინვალიდთა
ორგანიზაციები" და სხვა.
- საქართველოს საგადასახადო კოდექსი- კოდექსის მთელ ტექსტში გამოყენებულია
ტერმინი "ინვალიდი", მაგალითად: მე-14 მუხლი "ინვალიდთა სახლები", "ინვალიდები";
276 "ჩ" მუხლი "მეორე მსოფლიო ომის ინვალიდები და მათთან გათანაბრებული პირები".
- საქართველოს საბაჟო კოდექსი- კოდექსის ტექსტში გამოყენებულია ტერმინი "ინვალიდი",
მაგალითად: 128 "ე.გ" მუხლი "სპეციალურად შექმნილი მოწყობილობა ინვალიდების
სწავლებისათვის".
- "სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონი- კანონში გამოყენებულია
ტერმინი "ინვალიდი", მაგალითად: 22 "დ.ა" მუხლი "ომის პირველი და მეორე ჯგუფის
ინვალიდები"
- "ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით
გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა აღიარებისა და
მათი სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ" საქართველოს კანონი- კანონში
გამოყენებულია ტერმინი "9 აპრილს დაინვალიდებული პირი".
- "პაციენტის უფლებების შესახებ" საქართველოს კანონი- კანონში გამოყენებულია
ტერმინები "დაინვალიდება", "ინვალიდობა".
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი- კოდექსში გამოყენებულია ტერმინი "პირველი
და მეორე ჯგუფის ინვალიდი". ამასთან აღსანიშნავია, რომ კოდექსში
გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა ისეთი დანაშაულისთვის როგორიცაა "შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირის უფლებების შეზღუდვა".
- "ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა შვილობილად აყვანის შესახებ"
საქართველოს კანონი- იყენებს ისეთ ტერმინს როგორიცაა "ინვალიდი ბავშვი".
- "დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ" საქართველოს კანონი- კანონში
განმოყენებულია ტერმინი "ინვალიდი პირები".
1. მოცემულია არაოფიციალური თარგმანი.
2. კონვენცია, ხელმოსაწერად გაიხსნა 2007 წლის 30 მარტს. საქართველო ამ
დროისთვის (2007 წლის აპრილის მდგომარეობით), არ შეერთებია ამ კონვენციას და
ამდენად ამონარიდი წარმოადგენს არაოფიციალურ თარგმანს.
3. კონვენცია ხელმოსაწერად გაიხსნა 1989 წლის 20 ნოემბერს, ხოლო საქართველოში
ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან. აღსანიშნავია, რომ კონვენციის ინგლისურ
ვარიანტში აღნიშნული საკითხი განისაზღვრება 23-ე მუხლით და მასში გამოიყენება
ტერმინი "შეზღუდული შესაძლებლობის (უნარების) მქონე ბავშვი.
|