www.civilin.org/welfare
სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამა ENGLISH
 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

სფეროს აქტივობები

ვან გოგის დღეები
სოლიდარობა იაპონელ ხალხს
ერთობლივი ღონისძიება
სახელობო განათლება
ლამაზი ნივთების სამყარო
სტუმრად ''ანიკაში''
სტუმრებთან ერთად მოწყობილი ღონისძიება
საშობაო გამოფენა–გაყიდვა
ფილმი გრემის თემზე
შინმოვლის პერსპექტივები საქართველოში
დაუვიწყარი დღე
ვსწავლობთ ერთად
გამოფენა–გაყიდვა
დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი
ახალსახლობა ქედელში
კოალიციის - ''დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის'' - ახალი პროექტი
ბავშვი და გარემო
''შეშა–ქალა''
საშობაო გამოფენა–გაყიდვა
ინკლუზიური სწავლება საბავშვო ბაღებში
''მივიღოთ განსხვავებული''
სოციალური და ფიზიკური გარემოს ხელმისაწვდომობისათვის
ინკლუზიური განათლება
გამოფენა-ფორუმი
მზადება პირველი ივნისისთვის
ახალი, ინტეგრირებული სპორტული დარბაზი
სააღდგომო გამოფენა
ჩვენ დავიბადეთ თანასწორნი და განსხვავებულნი
''ადამიანთა სიყვარული ყველაზე დიდი ხელოვნებაა''
ვიყოთ ერთად
ინკლუზიური განათლების ელჩები
"საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკა"
სტუმრად "ქედელში"
"საშობაოდ სპექტაკლი"
"ფსიქიკური ჯანმრთელობა და საჯარო ფინანსები"
"გარიყულობიდან თანასწორობამდე"
"ერთი სიუჟეტის ამბავი"
ქველმოქმედება
პასუხი კრიზისს
''ადამიანის უფლებები და ფსიქიკური ჯანმრთელობა''
''დაინახე ჩემში ადამიანი''
ფონდ "იავნანას" საქველმოქმედო აქცია
"ბილიკის" ბილიკები
პარაოლიმპიური თამაშები პეკინში
ფონდ "პირველი ნაბიჯის" მრავალი ნაბიჯი
უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობა
გამოფენა სიონის ბაღში
სოლიდარობის აქცია
ჩვენი სკოლა
"ცხოვრება მშვენიერია"
თანამშრომლობის სტრატეგია
''ბავშვები ბავშვებისთვის''
''მზის ზეიმი - 2008''
"ერთად დავეხმაროთ ბავშვებს"
"ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესება საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვისა და ინკლუზიური განათლების განახლების გზით"
ბავშვთა და მოზარდთა შორის ძალადობა - პრობლემის გადაწყვეტის გზების ძიება
ინკლუზიური სწავლების დანერგვა საბავშვო ბაღში -პროექტის პრეზენტაცია
''უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობა მოსახლეობის დაუცველი ფენებისთვის''
საახალწლო ზეიმი
სოციალური თერაპიის სახლში ბენეფიციარების შექმნილი ნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე
ინკლუზიური განათლება
გამოფენა-გაყიდვა
წიგნის პრეზენტაცია
მხატვრის აჩრდილი
თბილი, მყუდრო ოჯახი
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე
"მხიარული ავტობუსი" ვაკის პარკში
ერთობა "ქედელის" პრეზენტაცია
ბავშვთა ღიმილი
გამოფენა-გაყიდვა
გაზაფხულის და მეგობრობის ზეიმი


ვან გოგის დღეები
30 მარტი¸ 2011

21–30 მარტს გაიმართა ვან გოგისადმი მიძღვნილი აქცია, რომლის ორგანიზატორი იყო კავშირი ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ, მონაწილეობას იღებდნენ კავშირის ორი სტრუქტურული ერთუელის: თერაპიის სახლის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული სოციალურ–თერაპიული სახელოსნოს ბენეფიციარები, ასევე ორგანიზაციების: "პირველი ნაბიჯის", "მშობლების თანადგომის", მე–200 საჯარო სკოლა პანსიონის ბენეფიციარები. აქციაში ჩართულნი იყვნენ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები. 21–დან 30 მარტამდე აღნიშნულ ორგანიზაციების ბენეფიციარებმა ვეებერთელა ქაღალდები სხვადასხვა ფერებით და ფიგურებით მოხატეს. თითოეულ ორგანიზაციაში რამდენიმე ნახატი შეიქმნა და მის შექმნაში ორგანიზაციის რამდენიმე ბენეფიციარი იღებდა მონაწილეობას. ვან გოგის დაბადების დღეს, 30 მარტს, კავშირის შენობაში დასკვნითი ღონისძიება გაიმართა – ბენეფიციარებმა წარმოადგინეს თავიანთი ნახატები, სტუდენტებმა ქართული ფოლკლორი, სოციალური თერაპიის სახლის ბენეფიციარებმა კი დამსწრეებს ჩრდილების საშუალებით წარუდგინეს წარმოდგენა, რომელიც ტერენტი გრანელის ცნობილი ლექსის "გაზაფხულის საღამოა მშვიდის" მოტივებზე შეიქმნა.


გვერდის დასაწყისში გადასვლა

სოლიდარობა იაპონელ ხალხს
22 მარტი, 2011

2011 წლის 22 მარტს, არასამთავრო ორგანზაციებმა: კავშირი "ინვალიდი ბავშვი, ოჯახი საზოგადოება" და სტუდია "ეი-დი-სი", რომლებიც მუშაობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან და მოზარდებთან, გამართეს აქცია - "სოლიდარობა იაპონელ ხალხს". აქციაში მონაწილეობა მიიღეს თავად შეზღუდული შასაძლებლობის მქონე ბავშვებმა და მოზარდებმა, ასევე მათი ოჯახის წევრებმა და ორგანიზაციების თანამშრომლებმა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებმა და მოზარდებმა აქციის ორგანიზატორებთან ერთად სოლიდარობა გამოხატეს იაპონელი ხალხის მიმართ. სოლიდარობის ნიშნად შშმ ბავშვებმა და მოზარდებმა საელჩოს თანამშრომლებს გადასცეს სპეციალურად თავის ხელით დახატული პლაკატები და მათივე გაკეთებული საჩუქრები იაპონელი თანატოლების გასამხნევებლად, 1998 წელს, იაპონიის მთავრობამ დაიწყო თანამშრომლობა არასამთავრობო სექტორთან. ერთ–ერთი პირველი პროექტი – "სასწავლო–საგანმანათლებლო სტუდია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის", რომელსაც მხარი დაუჭირა იაპონიის საელჩომ, სწორედ კავშირის "ინვალიდი ბავშვი, ოჯახი, საზოგადოების" მიერ იყო წარდგენილი. იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა შექმნილიყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების სოციალური იზოლაციიდან გამოყვანის ერთ-ერთი პირველი პრეცენდენტი.1999 წელს დაფუძნდა არაფორმალური განათლების სასწავლო-საგანმანათლებლო ცენტრი, კავშირი "ინვალიდი ბავშვი, ოჯახი, საზოგადოების" ბაზაზე - სტუდია "ეი-დი სი", რომელიც 2003 წლიდან ცალკე იურიდიულ ერთეულად ჩამოყალიბდა არჩეული თემატიკის მნიშვნელოვნებისა და განხორციელებული აქტივობების გამო.


გვერდის დასაწყისში გადასვლა

ერთობლივი ღონისძიება
12 მარტი, 2011

სულხან–საბა ორბელიანის სახელობის ინსტიტუტის სტუდენტებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კავშირ „იას“ ბენეფიციარებთან ერთად გამართეს ღონისძიება, რომელსაც სპორტულ თამაშებში, სიმღერასა და ცეკვაში შეჯიბრის სახე ჰქონდა. ღონისძიების დასრულების შემდეგომ კავშირ „იას“ ბენეფიციარებს მასპინძლებმა გადასცეს საჩუქრები.




გვერდის დასაწყისში გადასვლა

სახელობო განათლება
23 თებერვალი, 2011

23 თებერვალს, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში", ასოციაცია "ანიკამ" პროექტის – "პროფესიული განათლების მხარდაჭერა იძულებით გადაადგილებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის“ – შედეგები წარმოადგინა. პროექტი აშშ–ს საელჩოს დემოკრატიის განვითარების მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. 6 თვიანი პროექტის მიზანი იყო პროფესიული განათლების საშუალებით (საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტიხრული მინანქრის კურსები) ხელი შეეწყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იძულებით გადაადგილებული პირების (განსაკუთრებით კომპაქტურ ჩასახლებებში მაცხოვრებლები) შესაძლებლობების განვითარებას. პროგრამის ფარგლებში შეიქმნა სასწავლო ტრენინგ–მოდულები, გადამზადნენ მასწავლებლები. აღნიშნული პროექტის ფარგლებში "ანიკამ" სახელობო განათლების ახალი სამოდელო სერვისი შექმნა, რომლის საპილოტე რაიონად აირჩია თბილისის გლდანი–ნაძალადევის რაიონი, სადაც 485–მდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდი ცხოვრობს. პროექტის ფარგლებში "ანიკას" დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრში სწავლება გაიარა 53–მა ახალგაზრდამ და მათი ოჯახის წევრმა. ისინი კვირაში სამჯერ რამდენიმე საათის განმავლობაში ეუფლებოდნენ პროფესიას, სწავლის შემდგომ მათი უმეტესობა "ანიკას" დღის ცენტრის ბენეფიციარებთან ერთად გეგმავდნენ სხვადასხვა ღონისძიებებს, აკეთებდნენ აპლიკაციებს და ა.შ. რამაც ხელი შეუწყო უშუალოდ დღის ცენტრის ბენეფიციარების ინტეგრაციის პროცესს. მინანქრის სახელოსნოში დამზადებული პროდუქცია რამდენიმე გამოფენა–გაყიდვაზეც წარადგინეს. ამ ეტაპზე ორი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდა უკვე დასაქმდა ასოციაციის ტიხრული მინანქრის სახელოსნოში. "ანიკას" ხელმძღვანელი ირინა ინასარიძე აცხადებს, რომ ტიხრული მინანქრის სახელოსნო სოციალურ საწარმოდ ჩამოყალიბდება, რაც დასაქმებასა და საწარმოს შენახვას შეუწყობს ხელს. პროექტის დასკვნით ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოში აშშ–ს საელჩოს წარმომადგენელები, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.


გვერდის დასაწყისში გადასვლა

ლამაზი ნივთების სამყარო
21 იანვარი, 2011

ორგანიზაცია „თანადგომამ“ მუშაობა 1999 წლიდან დაიწყო, მისი მიზანი დაარსებიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური გაუცხოების დაძლევა და საზოგადოებაში მათი ინტეგრირების ხელის შეწყობაა. თავდაპირველად ორგანიზაცია ინკლუზიური განათლების საკითხებზე მუშაობდა და ხელს უწყობდა მის დანერგვას საჯარო სკოლებში. სხვადასხვა შეზღუდვის მქონე ახალგაზრდების მშობლების თხოვნით ორგანიზაციამ ახალი – სახელობო განათლების მიმართულება აამოქმედა. სხვადასხვა შეზღუდვის მქონე ახალგაზრდებმა სხვადასხვა ნივთების დამზადება ისწავლეს და ამზადებენ შემდეგი პრინციპით – ხარისხიანი და შეძლებისდაგვარად იაფიანი პროდუქცია. რომელიც სხვადასხვა ღონისძიების ფარგლებში, შეკვეთებისა თუ მაღაზიებში განთავსებით იყიდება, თუმცა გაყიდვა საკმაოდ ჭირს, როგორც ქალბატონი ნანა გოგელაშვილი აცხადებს. არადა, ერთ–ერთი ბენეფიციარის მშობელი აცხადებს, რომ მისი შვილი სიხარულით მოდის „თანადგომაში“, მან აქ არამარტო ნივთების დამზადება და პირველი შემოსავალი, არამედ საკუთარი თავი და გარემო იპოვა. სულ ახლახანს „თანადგომამ“ ახალი პროექტი „ერთად ვაშენოთ მომავალი“ დაიწყო, რომელიც სოციალური საწარმოს ბაზაზე ითვალისწინებს შრომითი უნარჩვევების სწავლების გზით დასაქმება. ერთწლიანი პროექტის ფარგლებში, პოლიგრაფიულ–სასუვენირო სტუდია–საამქროს ბაზაზე, დასაქმდება სხვადასხვა შეზღუდვის მქონე 6 ბენეფიციარი. ამ ეტაპისთვის ისინი მომხმარებლებს სასაჩუქრე ჩანთებს, სასუვენირო ჭიქებს, ღია ბარათებს სთავაზობენ, უახლოს მომავალში კიპოლიგრაფიულ მომსახურებას (სხვადასხვა ზომის დოკუმენტების ლამინირება, აკინძვა).


გვერდის დასაწყისში გადასვლა

სტუმრად ''ანიკაში''
20 იანვარი, 2011

თბილისის მერია ქალაქის სხვადასხვა უბანში, დასაქმების ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს ინგლისურისა და კომპიუტერული უნარების შესწავლის კურსს. როგორც კი პროგრამა გამოცხადდა ასოციაცია "ანიკას" ხელმძღვანელობა დაუკავშირდა მერიის შესაბამის სამსახურს, რათა პროგრამაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდები ჩართულიყვნენ. მერია დათანხმდა ასოციაციის ინიციატივას და შეზღუდული შესაძლებლობის 30 ახალგაზრდას საშუალება მიეცა მონაწილეობა მიეღო პროგრამაში და დაუფლებოდა ინგლისურსა და კომპიუტერს. სწავლების პირველი ეტაპი დეკემბერში დასრულდა და ნახევარზე მეტმა წარმატებით გაიარა ინგლისურის ტესტირება, ეხლა ისინი მეორე ეტაპზე – დაწყებითიდან გაძლიერებულ კურსზე გადავიდნენ. ექვსი თვის შემდგომ მათ ახალი ეტაპის გადალახვა მოუწევთ. ჯგუფის წევრები კმაყოფილნი არიან და ერთხმად ამბობენ, რომ მომავლისთვის და ინფორმირებისთვის აუცილებლად გამოადგებათ და გამოიყენებენ მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას. სულ ცოტა ხნის წინათ ჯგუფის წევრების მეცადინეობას თბილისის მერიც დაესწრო.


გვერდის დასაწყისში გადასვლა

სტუმრებთან ერთად მოწყობილი ღონისძიება
26 დეკემბერი, 2010

გურიის რეგიონის ინვალიდთა ასოციაციამ გასული წლის მიწურულს უჩვეულო საახალწლო კარნავალს უმასპინძლა. აქამდე თუ ბენეფიციარები მართავდნენ კონცერტს სტუმრებისთვის, ახლა თავად სტუმრები, გურიის რეგიონის ინვალიდთა ასოციაციის ბენეფიციარებთან ერთად ამზადებდნენ კონცერტს. 26 დეკემბერს სტუმრად მათ ადგილობრივი ხელისუფლებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ჰყავდათ. ღონისძიებაზე ბენეფიციარებმა სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები გამოავლინეს და დაასახელეს. გურიის რეგიონის ინვალიდთა ასოციაციას სტუმრიანობა არ აკლია, საახალწლოდ მათ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს უფროსი და თანამშრომლები ესტუმრნენ, მანამდე კი მათ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი სტუმრობდა.


გვერდის დასაწყისში გადასვლა

საშობაო გამოფენა–გაყიდვა
16 დეკემბერი, 2010

16 დეკემბერს, სოციალური თერაპიის სახლთან არსებულ სახელოსნოებში დამზადებული საშობაო ნივთების გამოფენა–გაყიდვა მოწყო. ნივთებს თერაპიის სახლის ბენეფიციარები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზრდილები ამზადებენ. წარმოდგენილი იყო სურნელოვანი საახალწლო სანთლები, სხვადასხვა სახი რვეულები, მისალოცები, გობელენები, თექისგან დამზადებული სხვადასხვა პროდუქცია, ხის ნივთები და ა.შ. სოციალური თერაპიის სახლი წელიწადში ორჯერ მართავს გამოფენას – საშობაოდ და სააღდგომოდ.


გვერდის დასაწყისში გადასვლა

ფილმი გრემის თემზე
14 დეკემბერი, 2010

14 დეკემბერს, კინოს სახლში გაიმართა გრემის თემზე შექმნილი დოკუმენტური ფილმის ჩვენება, რომელშიც ნაჩვენებია თემის წევრთა ყოველდღიური ცხოვრება, სირთულეებიც და ერთად ყოფნით გამოწვეული ჰარმონიაც. გრემის თემში დღესდღეობით 100–მდე სხვადასხვა ასაკის ადამიანი ცხოვრობს. მათი თანაცხოვრების აღწერა ძნელია, ის უნდა ნახო... თუნდაც ვებ–გვერდის საშუალებით: http://www.temi-community.org/news.html


გვერდის დასაწყისში გადასვლა

შინმოვლის პერსპექტივები საქართველოში
29 ივნისი, 2010

საქართველოში 40 ათასზე მეტი ადამიანი საჭიროებს ხანგრძლივ მოვლას - ასეთია მონაცემები, რომელსაც კოალიცია შინ მოვლა საქართველოში ავრცელებს. კოალიცია უალტერნატივოდ მიიჩნევს შინმოვლის უპირატეს განვითარებას, თუმცა ეს არ უარყოფს დაწესებულებებში მოვლის პრაქტიკას. 29 ივნისს, სასტუმრო თბილისი მარიოტში, კოალიციის ინიციატივთ გაიმართა შინმოვლის პერსპექტივების შესახებ კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ხელისუფლების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
კოალიცია 2006 წელს დააფუძნა სამმა ორგანიზაციამ: ფონდმა "თაობამ", კავშირმა "ადამიანმა და ბუნებამ" და ონკოპრევენციის ცენტრმა. 2007 წლიდან კოალიცია მუშაობს ერთიანი შინ მოვლის მოდელზე, რომელიც საჭიროებს მხარდაჭერასა და შემდგომ ტესტირებას.


გვერდის დასაწყისში გადასვლა

დაუვიწყარი დღე
5 ივნისი, 2010

ბავშვთა უფლებების დაცვის კვირეულის ფარგლებში. აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით, 2010 წლის 5 ივნისს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებმა ბოდბის დედათა მონასტერში წმინდა ნინოს საფლავი მოინახულეს.ექსკურსია, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან 35 -მდე , მათ შორის აფხაზეთიდან მყოფი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ინტეგრირებული ჯგუფისთვის მოეწყო. რომელიც რამდენიმე ნაწილისგან შედგებოდა - ბავშვებმა დაათვალიერეს ბოდბის წმინდა ნინოს სამონასტრო კომპლექსი, შემდეგ ახალგაზრდა ტრენერებმა ბავშვებისთვის გამართეს სხვადასხვა სარეაბილიტაციო, გასავითარებელი, გასართობი აქტივობები, იმიტირებულ "ამფითეატრში" მოაწყვეს კონცერტი, სპეციალურად მათთვის მოეწყო სხვადასხვა თამაშებიც, ღონისძიებაში მობილური ბიბლიოთეკაც ჩაერთო, რომელმაც ბავშვებისთვის ანიმაციური ფილმების ჩვენება გამართა. ღონისძიება სიმბოლური საჩუქრების გადაცემით დასრულდა.ბავშვების მხარდასაჭერად, ექსკურსიაში საერთაშორისო კინოფესტივალის ლაურეატი ქართული ფილმის "გაღმა ნაპირის" გმირი თედო ბექაურიც ჩაერთო. ექსკურსიამ გაამართლა. "დაუვიწყარი დღე"- ასეთი გამოხმაურება მოჰყვა მშობლების მხრიდან, განსაკუთრებით კმაყოფილები იყვნენ ბავშვები.


გვერდის დასაწყისში გადასვლა

ვსწავლობთ ერთად
1 ივნისი, 2010

ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (KEDEC), World Vision- საქართველოს და World Vision - შვეიცარიის მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს - "ინკლუზიური და ინტეგრირებული განათლების მოდელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის". პროექტის მიზანს წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათი უზრუნველყოფა თანაბარი შესაძლებლობებით, მდგრადი სერვისების დანერგვითა და განვითარების საშუალებით. პროგრამის ფარგლებში მომზადდა სპეციალური სასწავლო პროგრამა ინტეგრირებული კლასისათვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული პირველი კლასის სასწავლო პროგრამაზე დაყრდნობით და ქუთაისის 25-ე საჯარო სკოლის ბაზაზე გაიხსნა ინტეგრირებული კლასი, სადაც ამაჟამად ირიცხება 8 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოასწავლე. სწავლება მიმდინარეობს ინდივიდუალური სასწავლო გეგმებით, ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით. მოსწავლეები ეუფლებიან როგორც აკადემიურ, ისე ფუნქციონალურ უნარ-ჩვევებს, რაც აუცილებელი პირობაა დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის. სწავლება მიმდინარეობს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა - 9 საათიდან 2 საათამდე. 9-დან 12 საათამდე ხორციელდება სასწავლო პროცესი, ხოლო 12-დან დღის 2 საათამდე ბავშვები სწავლასა და თავისუფალი დროის ორგანიზებას განაგრძობენ რესურს ოთახში, სადაც მიმდინარეობს: ხელოვნების, მუსიკის, განმავითარებელი და შემეცნებითი აქტივობები.
მოსწავლეები სასწავლო პროცესის გარდა აქტიურად არიან ჩართულები სხვადასხვა ღონისძიებებში. ისინი გადიან არტ-თერაპიის კურსს, სადაც სწავლობენ ქოთნების მოხატვას, ძერწვას, აპლიკაციებით მისალოცი ბარათების დამზადებას, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების შექმნას, ხატვას.
აღსაზრდელებმა უკვე რამდენიმე ღონისძიებაში მიიღეს მონაწლეობა.


გვერდის დასაწყისში გადასვლა

გამოფენა–გაყიდვა
5 მაისი, 2010

სოციალური თერაპიის სახლის ულამაზეს ბაღში, თერაპიის სახლის ბენეფიციარების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. თერაპიის სახლი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 55 მოზრდილს დღის მომსახურებას უწევს და ბენეფიციარებიც ყოველ დღე (შაბათ-კვირის გარდა) დადიან "სახლში", სწორედ ასე უწოდებენ თერაპიის სახლს, სადაც თერაპიის ფარგლებში, სახლთან არსებულ სახელოსნოებში ლამაზ ნივთებს ქმნიან - მძივებს, სანთლებს, თექის ყელსაბამებს, ფარგდაგებს, ხისგან დამზადებულ სხვადასხვა ნივთებს. სწორედ ამ ნივთების გამოფენა-გაყიდვა უკვე ტრადიციად ქცეულ ღონისძიებაზე. სახლის პერსონალი და ბენეფიციარები წელიწადში ორჯერ აწყობენ ღონისძიებას, სადაც საკუთარი ხელით დამზადებულ ნივთებს წარადგენენ და გმასპინძლობენ. მათ ვინც ვერ მოახერხა გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობა და ჯერ ვერ მოახერხა სურნელოვანი სანთლების ან ჰერბარიუმით გაწყობილი მისალოცების, სასაჩუქრე, სამახსოვრო ყუთების, გობელენების თუ სხვა ლამაზი ექსკლუზიური ნივთის შეძენა შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სოციალური თერაპიის სახლს შემდეგ მისამართზე: თბილისი, ძმები უბილავების ქ.#8, ტელეფონი 77 63 07. 77 54 85, ელ–ფოსტა:info@apnsc.ge


გვერდის დასაწყისში გადასვლა

დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი
22 აპრილი, 2010

თბილისში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდთათვის დამოუკიდებელი ცხოვრების და მასთან არსებული დედათა ცენტრი გაიხსნა. ცენტრის მიზანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის კომპლექსური მომსახურების სისტემის შექმნაა, რაც ხელს შეუწყობს ერთის მხრივ მათ ინფორმირებას, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების საშუალებით ახალი უნარ-ჩვევების შეძენასა და საზოგადოებაში ჩართვას. ეს არის საპილოტე პროექტის, რომელსაც ასოციაცია "ანიკა" ახორციელებს და იაპონიის მთავრობის მიერ გამოყოფილი "გრასრუტის და ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო დახმარების პროგრამის" ფარგლებში დაფინანსდა. ცენტრის გახსნას დაესწრნენ იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მასაიოში კამოჰარა, თბილისის მერი გიგი უგულავა, ასევე ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.


გვერდის დასაწყისში გადასვლა

ახალსახლობა ქედელში
12 აპრილი, 2010

სიღნაღიდან დაახლოებით 2 კილომეტრით დაშორებულ სოფელ ქედელში 12 აპრილს, მოცარტის სონატის, თურქული მარშის, რევაზ ლაღიძისა და რუსუდან სებისკვერაძის მუსიკალური ნაწარმოებების ხმა ისმოდა. მას სხვადასხვა ინსტრუმენტების დახმარებით თემი "ქედელის" ბენეფიციარები ასრულებდნენ. მსმენელებიც მრავლად იყვნენ - დონორები გერმანიიდან, ჰოლანდიაში მოქმედი ფონდ "ქედელის" პრეზიდენტი. ორგანიზაციის მეგობრები უცხოეთიდან, ადგილობრივი მეგობრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სოციალური უზრუნველყოფის სააგენტოსა და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები.
სტუმრებსაც და მასპინძლებსაც ერთი რამ ამოძრავებდათ - გაეხსნათ ახალი, რიგით მეორე სახლი, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზრდილები იცხოვრებენ. ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა 2008 წლის ივლისში დაიწყო და მას გერმანიის ეკონომიკური განვითარების ფონდი აფინანსებდა. ახალ სახლში 5 ახალი ბენეფიციარი უკვე განთავსდა, მაისის პირველ რიცხვებში მათ კიდევ შეემატებიან. ორივე სახლში სულ 20 ბენეფიციარი იცხოვრებს.


გვერდის დასაწყისში გადასვლა

კოალიციის - ''დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის'' - ახალი პროექტი
20 მარტი, 2010

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 22 ახალგაზრდა ყოველ სამუშაო დღეს სამუშაოზე მიდის, მათი უმეტესობა ეტლით სარგებლობს... თვითონ ჯერჯერობით სტანდარტული, თითქმის ერთი ზომის ეტლებით სარგებლობენ, თუმცა უკვე მზად არიან სხვებს უფრო გაუადვილონ საქმე - აითვისეს კონსტრუქცია და საცდელი ყველგანმავალი ეტლი უკვე დაამზადეს.
ყველგანმავალი ეტლის კონსტრუქცია ეტლით მოსარგებლე რალფ ჰოჩკისს ეკუთვნის. იგი ერთი თვის მანძილზე საქართველოში იმყოფებოდა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქართველ სპეციალისტებთან ერთად ეტლიც ააწყო. რალფ ჰოჩკისმა "მოსწავლეების" დამზადებული ეტლი მოიწონა, მოირგო, თავისი ეტლი აქ დატოვა, ხოლო ახალი ეტლით სამშობლოში გაემგზავრა. ყველგანმავალი ეტლი - საუკეთესო საშუალებაა ხრიოკ, უსწორმასწორო გზებზე სიარულისას. არის მოქნილი მოძრაობაში.
კოალიციის პროექტის - საქართველოს ეტლების წარმოების ქსელის ფარგლებში დაიწყო ყველგანმავალი ეტლების წარმოება, რომელსაც კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის პარტნიორ ორგანიზაციებთან - ინვალიდობის მსოფლიო ინსტიტუტთან (WID) და WhirlWind Wheelchair-თან ერთად აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.


გვერდის დასაწყისში გადასვლა

ბავშვი და გარემო
20 დეკემბერი.2009

გასული წლის ბოლოს ორგანიზაცია "ბავშვი და გარემოს" მცირე საოჯახო ტიპის სახლი გაიხსნა. სახელმწიფო ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაციისთვის რუსთავში ბინა ერთ-ერთმა ბანკმა შეიძინა და მოაწყო, სადაც 10 ბავშვს სრულიად ახალ გარემოში მოუწევს ცხოვრება. "ბავშვი და გარემოს" ბენეფიციარებს ხშირად "ქუჩის ბავშვებს" უწოდებენ, მიმართვის ეს ფორმა ბევრს სამართლიანად აღიზიანებს, თუმცა მათ ყველაზე ხშირად სწორედ ასე მოიხსენიებენ... მათი და ორგანიზაცია "ბავშვი და გარემოს" ურთიერთობა 90-იანი წლებიდან იწყება. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნანა იაშვილი იხსენებს, რომ 1994 წელს რამდენიმე მეგობარმა ქუჩაში მყოფი ბავშვების პრობლემების მოგვარებაზე დაიწყეს ზრუნვა... ორი წლის თავზე ყველაფერს სისტემური სახე მისცეს - ტასისის პროექტის ფარგლებში პირველი სადღეღამისო ცენტრი "ბეღურები" გახსნეს. სადღეღამისო ცენტრში უსახლკაროებს შეეძლოთ გარკვეული პერიოდი შეეფარებინათ თავი, სადაც მათ საბაზისო დახმარებას უწევდნენ... ნანა იაშვილი ყვება რომ ასე გაჩნდა დღის ცენტრების შექმნის იდეა. პირველად დღის ცენტრი თბილისში დაარსდა, შემდეგ ჭიათურასა და რუსთავში.


გვერდის დასაწყისში გადასვლა

''შეშა–ქალა''
15 დეკემბერი, 2009

ასე ჰქვია ბევრისთვის უცნობ ქართულ ხალხურ ზღაპარს, რომელიც ერთი ცოლ-ქმრისა და მათი შვილის შეშა–ქალას ამბავს გვიამბობს, გვიამბობს იმას თუ როგორ დაძლია სიძნელე შეშა-ქალამ და ბედნიერებას ეწვია... თემი "ქედელის" მცხოვრებლებმა და სიღნაღის საჯარო სკოლის 20-მა მოსწავლემ ზღაპარი ერთობლივად დაასურათეს, რომელიც გამოიცა. წიგნი საჩუქრად გადაეცემათ სიღნაღის რაიონის საჯარო სკოლებს, რაიონულ ბიბლიოთეკებს და ბავშვთა სპეციალიზირებულ სახლებს, ნაწილი კი საქველმოქმედო ხასიათისაა. "ეს მშვენიერი ქართული ზღაპარი არის მცირე საჩუქარი და დიდი მადლობა საზოგადოების იმ ნაწილს, რომელმაც ხელი შეუწყო "ქედელის" ბინადრებს პირადი ღირსების განცდის, საკუთარი თავის რეალიზაციასა და საზოგადოებაში ინტეგრაციის კუთხით", ასეთი მინაწერი აქვს ზღაპარს. ამავე ზღაპრის გმირები მათ ერთობლივად სცენაზეც გააცოცხლეს - სიღნაღის თეატრის სცენაზე ჯგუფის ყველა წევრმა, ერთი მოხერხებული მეთოდით - დუეტში, პარტნიორის თანხლებით ითამაშეს სპექტაკლი, რომელსაც თეატრის სავსე დარბაზში სულგანაბული და კმაყოფილი პუბლიკა უყურებდა. სპექტაკლის შემდეგ გაიმართა თემი "ქედელის" და მისი მაცხოვრებლების შესახებ დოკუმენტური ფილმის პრემიერა, ბოლოს კი, სიღნაღის საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და "ქედელის" მაცხოვრებლების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.


გვერდის დასაწყისში გადასვლა

საშობაო გამოფენა–გაყიდვა
10 დეკემბერი, 2009

ყოველი წლის დეკემბერში სოციალური თერაპიის სახლი, საშობაოლ, იმ ნივთების გამოფენა-გაყიდვას აწყობს, რომელსაც თერაპიის სახლის ბენეფიციარები ამზადებენ. თერაპიის სახლი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზრდილებს ემსახურება. ისინი ყოველ დღე (შაბათ–კვირის გარდა) დადიან, როგორც თავად უწოდებენ. «სახლში» და მასთან არსებულ სახელოსნოებში, თერაპიის ფარგლებში, ულამაზეს ნივთებს ქმნიან - მუშაობენ სახელოსნოებში, თანაც ყველა სრულფასოვან მონაწილეობას იღებს. სანთლები, მძივები, თექის ყელსაბამები, ფარდაგები... უამრავი ლამაზი ნივთი მათი მონაწილეობით შეიქმნა. სწორედ ამ ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო 10-11 დეკემბერს თერაპიის სახლში. უკვე ტრადიციად ქცეული ღონისძიებიდან შემოსული თანხა ახალი ნივთების დასამზადებლად წარიმართება.


გვერდის დასაწყისში გადასვლა

ინკლუზიური სწავლება საბავშვო ბაღებში
1 ნოემბერი, 2009

სპეციალური საჭიროების მქონე 30-მდე პატარა თბილისის სხვადასხვა რაიონში მდებარე 12 საბავშვო ბაღში დადის. თორმეტივე ბაღში ინკლუზიური სწავლების პროგრამა წელს დაიწყო. ამ საკითხის ირგვლივ რამდენიმე ორგანიზაციის - გაეროს ბავშვთა ფონდის, პორტიჯის ასოციაციის, საოჯახო ბიოეთიკის ასოციაციისა და თბილისის მერიის ინტერესი ერთმანეთს დაემთხვა და მათ შორის პროექტის დაწყების თაობაზე მემორანდუმი გაფორმდა. პროექტისთვის ბაღების ნაწილი რაიონული პრინციპით შეირჩა. ბაღის დირექტორთა ასოციაციის წევრებმა ინტერესი გამოხატეს პროექტში ჩართვაზე და ბაღების ნაწილი მათგან შეირჩა.
პარალელურად დაიწყო სკოლამდელი დაწესებულებების აღმზრდელთა გადამზადება - ინკლუზიური განათლების, ბავშვების ჯგუფში ჩართვის მექანიზმების, ინდივიდუალური გეგმების შედგენის, ზოგადად ბაღებში მენეჯმენტის გაუმჯობესების და ა.შ. შესახებ.


გვერდის დასაწყისში გადასვლა

''მივიღოთ განსხვავებული''
10 ოქტომბერი, 2009

საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში გაიმართა ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისის მომხმარებელთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. რომელიც მიეძღვნა ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს, იგი ყოველ 10 ოქტომბერს აღინიშნება. ღონისძიების ორგანიზატორი იყო ფონდი "გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში". იგი მოეწყო პროექტის "ფსიქიკური პრობლემებთან დაკავშირებული სტიგმისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის" პროექტის ფარგლებში. ისევე როგორც პროექტის, აქციის მიზანია განსხვავებული ადამიანიების მიმართ დამოკიდებულების შეცვლა. აქციაზე წარმოდგენილ იყო ასევე პროექტის ფარგლებში გამოცემული წიგნი "მივიღოთ განსხვავებული".


გვერდის დასაწყისში გადასვლა

სოციალური და ფიზიკური გარემოს ხელმისაწვდომობისათვის
23 სექტემბერი, 2009

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში გაიმართა ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაცია - დეას მიერ ორგანიზებული საინფორმაციო-სადისკუსიო შეხვედრა პროექტის "ჩვენ დავიბადეთ თანასწორნი და განსხვავებულნი" ფარგლებში (დონორები-ევროკავშირი და გაეროს ბავშვთა ფონდი, პარტნიორები-საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საქართველოს ინვალიდ ქალთა საერთაშორისო ასოციაცია, ასოცირებული წევრები-საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.). შეხვედრას ესწრებოდნენ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, პროფესიული თემის წარმომადგენლები.
შეხვედრა მიზნად ისახავდა პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობების, მათ შორის ფიზიკური გარემოს ხელმისაწვდომობის შესწავლის მიზნით თბილისსა და ზუგდიდში ჩატარებული საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების მონიტორინგის პირველადი შედეგების პრეზენტაციას. შეხვედრაზე გაიმართა დისკუსია შშმ პირთა უფლებრივ და რეალურ მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, პროექტის გუნდის მიერ განსახილველად შეთავაზებულ კონკრეტულ ფაქტებზე, ინვალიდობის ნიშნით დისკრიმინაციის შემცირებისა და პრევენციის საკითხებზე.


გვერდის დასაწყისში გადასვლა

ინკლუზიური განათლება
3 ივლისი, 2009

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ასოციაცია "გეა" ინკლუზიური განათლების საკითხებზე კონფერენცია გამართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სკოლამდელი დაწესებულებების თანამშრომლებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. კონფერენციისა და ასოციაციის მიზანია ხელი შეუწყოს ინკლუზიური სწავლების დანერგვას სკოლამდელ დაწესებულებებში და მთლიანად ამ საკითხის პოპულარიზაციას. რა არის ინკლუზიური განათლება, ინკლუზიური განათლების მოდელები, სკოლამდელი ინკლუზიური განათლების დადებითი მხარეები, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვთა განათლებისა და სტრატეგიული განვითარების გეგმა - ეს ის საკითხებია, რომლებიც სკოლამდელი დაწესებულებების თანამშრომლებს წარუდგინეს ორგანიზატორებმა და მათ მიერ მოწვეულმა სპეციალისტებმა - თამარ ისაკაძემ (ფონდი "პირველი ნაბიჯი"), მაია ბაგრატიონმა (განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო). კონფერენციის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ თეორიული კურსის გარდა, პრაქტიკული მუშაობა ჩაეტარებინათ - დღის მეორე ნახევარში სხვადასხვა საკითხებზე იმუშავეს.


გვერდის დასაწყისში გადასვლა

გამოფენა-ფორუმი
14 ივნისი, 2009

14 ივნისს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს მიეძღვნა გამოფენა-ფორუმი. ღონისძიება ორი დღის განმავლობაში გრძელდებოდა და მისი მიზანი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პრობლემებსა და საჭიროებებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა და ამ სფეროში მომუშავე ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება იყო. ღონისძიებები გაიმართა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით თანაბარი პირობების განვითარების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებენ ორგანიზაციები "გადავარჩინოთ ბავშვები" (Save the Children) და კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის. გამოფენა-ფორუმს მხარს უჭერდა თბილისის მერია.
ფორუმში მონაწილეობა მიიღეს სფეროში მომუშავე 40-მდე არასამთავრობო, საერთაშორისო და სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა წარმოადგინეს როგორც საკუთარი ნამუშევრები, ასევე ინფორმაცია საქმიანობის შესახებ.


გვერდის დასაწყისში გადასვლა

მზადება პირველი ივნისისთვის
1 ივნისი, 2009

1 ივნისს ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღისთვის გულმოდგინედ ემზადებიან გურიის რეგიონის ინვალიდთა ასოციაციის ბენეფიციარები და ოზურგეთის სკოლების მოსწავლეები. ისინი ერთობლივ საღამოს გამართავენ.
ასოციაცია 1992 წლიდან აქტიურად მუშაობს ინვალიდთა უფლებების დაცვის, მათი ინტეგრაციისა და ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობისთვის. ამ მიმართულებით ასოციაციამ მრავალი პროექტის განახორციელა. ამაჟამად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღის ცენტრი ფუნქციონირებს, რომელიც 40 ბენეფიციარს ემსახურება. დღის ცენტრის ბენეფიციარები ყოველდღიურად სხვადასხვა დისციპლინაში იმაღლებენ უნარებს: ხატავენ, ქარგავენ, ძერწავენ, სპორტულ და იტერაქტიულ თამაშებს აწყობენ. თეატრალური წრის ფარგლებში სხვადასხვა სპექტაკლებს დგამენ. შექმნილი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვებს აწყობენ. ესწრებიან ფსიქოლოგის გაკვეთილებს. ინვალიდთა ასოციაციას ხშირად სტუმრობენ როგორც ადგილობრივი სამხარეო და რაიონული ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე კულტურისა და სპორტის მუშაკები, საზოგადო მოღვაწეები, საჯარო სკოლის მოსწავლეები. მათი დახმარებით ბენეფიციარებმა რამდენიმე კონცერტი მოაწყვეს რეგიონის საჯარო სკოლებში, ოზურგეთის სახელმწიფო თეატრში წარმოადგინეს სპექტაკლები: "იავნანამ რა ჰქმნა" და "მე ვხედავ მზეს". ისევე როგორც თავად ხვდებიან სტუმრებს გულთბილად, თავადაც გულთბილი შეხვედრა მოუწყვეს - 12 მაისს ბენეფიციარებს მუსიკალური სკოლის პედაგოგებმა და ამ სკოლის აღსაზრდელებმა უმასპინძლეს. ახლა კი თავად ემზადებიან 1 ივნისისთვის...


გვერდის დასაწყისში გადასვლა

ახალი, ინტეგრირებული სპორტული დარბაზი
22 აპრილი, 2009

198-ე საჯარო სკოლაში ინტეგრირებული სპორტული დარბაზი გაიხსნა, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები თავის თანატოლებთან ერთად ივარჯიშებენ. მოსწავლეებს ფიზკულტურის გაკვეთილები აქამდე სკოლის ეზოში განთავსებულ სპორტულ მოედანზე უტარდებოდათ. ყოველივე საქართველოში იაპონიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ "მშობელთა ხიდმა" განახორციელა. ორგანიზაციის პროექტის მიზანია სპეციალური სეჭიროებების მქონე ბავშვების ფიზიკური მომზადების უზრუნველყოფა.


გვერდის დასაწყისში გადასვლა

სააღდგომო გამოფენა
3 აპრილი, 2009

3 აპრილს სოციალური თერაპიის სახლის ბენეფიციარებმა სააღდგომო გამოფენა-გაყიდვა მოაწყვეს - სახლის სახელოსნოებში თექისგან დამზადებული ყელსაბამები, თმის სამაგრები, ცვილისა და პარაფინის სანთლები, ბლოკნოტები, ღია ბარათები, წიგნის სანიშნეები, გობელენები, ხის ნაკეთობები და უამრავი სხვა ლამაზი ნივთი გამოფინეს.
"სახლი" შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზრდილებს ემსახურება და სოციალური თერაპიის სახელოსნოებში ამ ულამაზეს ნივთებს სწორედ ისინი ქმნიან - მუშაობენ სახელოსნოებში, სადაც შრომის პროცესი ისეა აწყობილი, რომ თითოეული სრულფასოვან მონაწილეობას იღებს. წელიწადში რამდენჯერმე "სახლის" ბენეფიციარები გამოფენა-გაყიდვას აწყობენ და თავისი ნამუშევრებით სტუმრებს ხიბლავენ.


გვერდის დასაწყისში გადასვლა

ჩვენ დავიბადეთ თანასწორნი და განსხვავებულნი
2 აპრილი, 2009

ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაცია "დეა" 2009 წლის დასაწყისიდან ახორციელებს. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და გაეროს ბავშვთა ფონდის თანადაფინანსებით. მისი მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა. წვლილის შეტანა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაში მათი თვითშეფასების დონის ამაღლებითა და დისკრიმინაციის შემცირების გზით. პროექტის ფარგლებში ჩატარდება საინფორმაციო, სადისკუსიო შეხვედრები, ტრენინგები, გათვალისწინებულია შშმპ-თა უფლებების დაცვის კუთხით კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების გამოვლენა და რეკომენდაციების შეუშავება. მომზადდება სოციალური კლიპები, ტელეგადაცემები. პროექტის მიზნების, უკვე განხორციელებული აქტივობებისა და ამ საკითხებზე დისკუსიის მიზნით, ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაცია "დეას" ინიციატივით , 2 აპრილს, გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ამ სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების, პროექტის პარტნიორების, დონორების, სახალხო დამცველის აპარატის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები და საკითხით დაინტერესებული პირები დაესწრნენ.


გვერდის დასაწყისში გადასვლა

''ადამიანთა სიყვარული ყველაზე დიდი ხელოვნებაა''
30 მარტი, 2009

ეს სიტყვები ვინსენტ ვან გოგს ეკუთვნის, რომელიც მისსავე დაბადების დღეს - 30 მარტს, ერთი აქციის დევიზი გახდა, სადაც ფერთა ოსტატი გაიხსენეს და თავადაც უამრავი ფერებით მორთეს კედლები. "ვინსენტის დღე" - ასე დაარქვეს აქციას ორგანიზატორებმა - სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა და სოციალური თერაპიის სახლის ბენეფიციარებმა. მათ ვეებერთელა ქაღალდები გააკრეს კედლებზე და უამრავი ფერით და ფიგურებით მოხატეს იგი. აქციის ბოლოს შეინახეს, მის ცალკეულ ნამუშევრებად დაშლას და ახალი გამოფენის მოწყობას აპირებენ. მომავალი აქციის ორგანიზატორებიც კვლავ სტუდენტები და სოციალური თერაპიის სახლის ბენეფიციარები იქნებიან, უფრო მოკლედაც შეიძლება ითქვას - ორგანიზატორები მეგობრები იქნებიან. გამოფენის მოსამზადებელმა ეტაპმა, თავად გამოფენამ ისინი დაამეგობრა. "ჩვენი სტუდენტების იდეამ ჩვენ აღგვაფრთოვანა და გვიბიძგა იმისაკენ, რათა ჩვენი მცირეოდენი ჯგუფის სახელით გამოვსულიყავი დღეს აქ... ჩვენ ღრმათა ვართ დარწმუნებულნი იმაში, რომ ამ უდიდესი მხატვრის სახელი კვლავ გაიჟღერებს ჩვენში", აღნიშნა თავისსავე მომზადებულ გამოსვლაში სოციალური თერაპიის სახლის ბენეფიციარმა კოტე ჭიჭინამძემ,


გვერდის დასაწყისში გადასვლა

ვიყოთ ერთად
17 მარტი, 2009

ნახატები, თიხისა და სხვადასხვა მასალისგან შექმნილი აქსესუარები - მძივები, ბეჭდები, ნაჭრისგან შეკერილი თოჯინები და უამრავი ლამაზი ნივთი თუ ნამუშევარი წარმოადგინეს კავკასიურ სახლში, სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაციისა და კავკასიურ სახლთან არსებული საკვირაო სკოლის მოსწავლეებმა. აქციის მიზანი - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა, აღნიშნული პრობლემისადმი საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლა, სტიგმის დაძლევა. ასოციაცია 1997 წელს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლების მიერ შეიქმნა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებში მონაწილეობის გზით ხელს უწყობს მათ სოციალურ ინკულუზიას.


გვერდის დასაწყისში გადასვლა

ინკლუზიური განათლების ელჩები
5 მარტი, 2009

ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც ასოციაცია "მშობელთა ხიდი" ახორციელებდა. პროექტის მიზანი ინკლუზიური განათლების მხარდაჭერა და ამ კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღების ხელშეწყობა იყო. იგი პროგრამის - თანაბარი უფლებების განვითარება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის - ფარგლებში, ორგანიზაცია "გადავარჩინოთ ბავშვების", კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით განხორციელდა. #198 და #31 საჯარო სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები - გარკვეული პერიოდი
"ინკლუზიური განათლების ელჩები" იყვნენ. "ელჩებმა" სემინარები ჩაუტარეს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის ოცდაათი საჯარო სკოლის წარმომადგენელს - ისაუბრეს საინტერესო თემებზე, გაეცვნენ საკუთარ უფლებებს. პროექტის ფარგლებში შეიქმნა ფოტო ნამუშევრები - "ჩვენი სკოლა" და "მეც შემიძლია". ნამუშევრები ასახავენ როგორც ინკლუზიური განათლების პროცესს, ასევე ადამიანის უფლებებს. ფოტოგამოფენა მოეწყო 5 მარტს სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში", სადაც ოფიციალურად დაიხურა პროექტი.


გვერდის დასაწყისში გადასვლა

"საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკა"
25 თებერვალი, 2009

"სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართა კონფერენცია ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკის შესახებ, რომლის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიცია და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. კონფერენციაში მონაწილეობდნენ პროფესიული საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის ახლადშემუშავებული დოკუმენტი, რომლის სამუშაო ვერსია საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიციამ 2008 წლის ბოლოს დაასრულა. "

"დოკუმენტში ასახულია ქვეყანაში ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებული მდგომარეობა, სამომავლო ხედვები და განვითარების ძირითადი მიმართულებები."


გვერდის დასაწყისში გადასვლა

სტუმრად "ქედელში"
12 თებერვალი, 2009

თემის პრინციპზე დაფუძნებული ორგანიზაცია "ქედელი", რომელიც სიღნაღთან ახლოს მდებარე სოფლის სახელს ატარებს, 2000 წელს შეიქმნა. ორგანიზაცია ზრუნავს განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოზრდილებზე, უზრუნველყოფს მათ არამარტო თავშესაფრით და საკვებით, არამედ ისეთი გარემოს შექმნას ცდილობს, რომელიც ბენეფიციარების უნარების რეალიზებასა და მათ ინდივიდუალურ წინასვლას უწყობს ხელს. ისინი ახლა ათნი არიან, თითოეულს აქ მოსვლის თავისი ისტორია აქვს, თუმცა მათი უმეტესობა "ქედელამდე" სხვადასხვა ინსტიტუციაში ცხოვრობდა... ისინი ძირითადად სოფლის მეურნეობით, სოციალური-თერაპიულ სახელოსნოებში შრომით, მხატვრული, მუსიკალური თერაპიით არიან დაკავებულნი. სახლიდან ხშირად ისმის სხვადასხვა მუსიკალური ნაწარმოების ხმა, სხვადასხვა მუსიკალური საკრავის თანხელებით. თითოეულმა ბენეფიციარმა კარგად იცის როდის უნდა ააჟღეროს საკრავი. ისინი დიდი მონდომებით აკეთებენ ამას და სტუმრებსაც დიდი მონდომებით რთავენ სახელდახელოდ მოწყობილ კონცერტში - მათ საკრავებს თავად ურჩევენ და ურიგებენ... არამარტო სახელდახელო კონცერტზე, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში თითოეულმა მათგანმა კარგად იცის თავისი ფუნქცია. 2009 წლის ბოლოსთვის მშენებარე ახალი სახლიც დასრულდება და კიდევ 10 ან თორმეტ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდს ექნება იქ ცხოვრების საშუალება. სახლის პირველ სართულზე სხვადასხვა სახელოსნო განლაგდება, სადაც ბენეფიციარები იმუშავებენ... ხისგან, თექისგან, სხვადასხვა მასალისგან ლამაზ ნივთებს შექმნიან... და რაც მთავარია, საკუთარი თავს "იპოვიან"... ეს მეორე სახლი იქნება, რომელსაც შესაძლოა მესამე მოჰყვეს - "ქედელის" დამფუძნებლებს სათემო "სოფლის" აშენება აქვთ განზრახული...


გვერდის დასაწყისში გადასვლა

"საშობაოდ სპექტაკლი"
25 დეკემბერი, 2008

"ასოციაცია "ანიკას" აღსაზრდელები წელიწადში რამდენიმე სპექტაკლს წარუდგენენ მიწვეულ სტურმებს და თავიანთი შემოქმედებით აოცებენ. ასოციაცია "ანიკა" რამდენიმე პროგრამას ახორციელებს - დღის ცენტრის მომსახურებას სთავაზობს იძულებით ადგილნაცვალ ბავშვებს (44 ბენეფიციარი, აფინანსებს ფედერაცია "გადავარჩინოთ ბავშვები") და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა დღის ცენტრის პროგრამა (40 ბენეფიციარი, აფინანსებს საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტო). საშობაო სპექტაკლის მომზადებაში ორივე პროგრამის ბენეფიციარებმა მიიღეს მონაწილეობა."

"მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს როგორც იძულებით ადგილნაცვალ ბავშვთა ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ინტეგრაციას საზოგადოებაში. ორგანიზაცია რამდენიმე წელია სწორედ შშმ ბავშვთა საზოგადოებაში ინტეგრაციასა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით მუშაობს."


გვერდის დასაწყისში გადასვლა

"ფსიქიკური ჯანმრთელობა და საჯარო ფინანსები"
23 დეკემბერი, 2008

"სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართა კონფერენცია - "ფსიქიკური ჯანმრთელობა და საჯარო ფინანსები", რომლის ორგანიზატორი იყო ფონდი "გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - საქართველო". კონფერენციას ესწრებოდნენ პროფესიული საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოს პარლამენტის და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.კონფერენციაზე წარმოადგინეს ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა სამედიცინო-სოციალურ საჭიროებათა კვლევის შედეგები, ფსიქიატრიული სერვისების სახელმწიფო პროგრამა და სახელმწიფო დაფინანსების დინამიკა, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა 2008 წლის პროგრამების მიმოხილვა.


გვერდის დასაწყისში გადასვლა

"გარიყულობიდან თანასწორობამდე"
4 დეკემბერი, 2008

3 დეკემბერს საერთაშორისო საზოგადოება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დღეს აღნიშნავს. საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული შეზღუდული შეასაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ცენტრის, კოალიციის "დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ადგილობრივი ოფისის ინიციატივით,4 დეკემბერს სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართა შეხვედრა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. იგი ამავე დროს ამ სფეროში მიმდინარე მოვლენების შემაჯამაბელ შეხვედრასაც წარმოადგენდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ და მოხსენება წარმოადგინეს სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებმა, სახალხო დამცველმა და სახალხო დამცველის ოფისთან არსებულმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ცენტრის, ამ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენლებმა.


გვერდის დასაწყისში გადასვლა

"ერთი სიუჟეტის ამბავი"
"25 ნეომბერი, 2008"

"ინტერნეტიდან-სკოლამდე" - ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც "ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი" რამდენიმე წლის წინათ ახორციელებდა. მოსწავლეთა ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლისას რამდენიმე ოჯახი გამოვლინდა, რომელსაც მძიმე პირობებში უხდებოდა ცხოვრება. პედაგოგთა კავშირთან არსებულმა ლიდერთა სკოლის მოსწავლეებმა ერთ-ერთი ოჯახის ყოფა-ცხოვრებაზე სიუჟეტი მოამზადებს. ლიდერთა სკოლის მოსწავლეებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მიიწვიეს სიუჟეტის ჩვენებაზე. რამაც შედეგი გამოიღო - მრავალშვილიანმა ოჯახმა ბავშვების დაბადების მოწმობები აიღეს და სოციალური სუბსიდიების სააგნტოსგან დახმარება მიიღეს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სკოლა-ინტერნატში მყოფი ბავშვები პრევენციის პროგრამაში ჩართო. ორგანიზაცია "ვორდ ვიჟენმა" ოჯახს ძროზა შეუძინა. მიუხედავად ამისა, საცხოვრებელი პირობები კვლავ პრობლემად რჩებოდა... ოჯახს აქაც სიუჟეტი დაეხმარა. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა სოციალური პროექტის ფარგლებში სოციალურ საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტთა კონკურსი - "ვიზრუნოთ ერთმანეთზე" - გამოაცხადა. ლიდერთა სკოლის მოსწავლეების მომზადებულმა სიუჟეტმა საუკეთესო ტელე-სიუჟეტის ნომინაციაში გაიმარჯვა. სხვა ნომინაციებში გამარჯვებულ ნამუშევრებთან ერთად იგი  სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის  ვებ-გვერდზე განთავსდა... ფონდ "იავნანას" ხელმძღვანელობამ სიუჟეტი ნახეს და გადაწყვეტილება მიიღეს - ოზურგეთის რაიონის სოფელ წითელმთაში ოჯახს სახლი შეუძინა. ახლა ოჯახის ყველა წევრი  ერთად საკუთარ ორსართულიან სახლში ცხოვრობს, ამუშავებენ მიწის ნაკვეთს, უვლიან ნაჩუქარ ძროხას, ბავშვები დადიან სკოლაში...ასეთი დასასრული აქვს ლიდერთა სკოლის მოსწავლეთა სიუჟეტს"


გვერდის დასაწყისში გადასვლა

ქველმოქმედება
22 ოქტომბერი, 2008

"ბრითიშ პეტროლიუმის" კომუნიკაციისა და საგარეო საქმეთა ოფიცერმა მეთიუ ტეილორმა მეგობრებთან ერთად ფონდ "პირველი ნაბიჯის" დასახმრებლად ზაფხულში საქველმოქმედო აქცია წამოიწყო. ფონდის დასახმარებლად ყაზბეგის მთა დალაშქრა, რათა აქციის საშუალებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეეგროვებინა თანხა, ამ მიზნით სპეციალური ვებ-გვერდიც შეიქმნა. ქველმოქმედები ყაზბეგზეც ავიდნენ და თანხაც შეგროვდა, რომელიც კოჯორში ახლადგახსნილ ბავშვთა სახლის წყლით მომარაგების სისტემას მოხმარდება. ამ სახლში დღეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები ცხოვრობენ, რომლებიც კასპის ინსტიტუციიდან არიან გადმოყვანილები. მათ ცხოვრების ხარისხის გაუჯობესების უნიკალური შესაძლებლობა მიეცათ. ქველმოქმედები 22 ოქტომბერს თავად ესტუმრნენ კოჯრის ბავშვთა სახლსაც. ფონდი "პირველი ნაბიჯი" 1998 წლიდან აქტიურად მუშაობს, სხვადასხვა სერვისებს სთავაზობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს და ხელს უწყობს მათ ინტეგრაციას საზოგადოებაში.


გვერდის დასაწყისში გადასვლა

პასუხი კრიზისს
17 ოქტომბერი, 2008

აგვისტოს მოვლენების შემდეგ ათასობით ადამიანის ცხოვრება ერთ წუთში შეიცვალა... კრიზისულ სიტუაციებში ფსიქიკური დაძებულობა მატულობს. საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად აქტიურად ჩაერთო აგვისტოს მოვლენების შემდეგ ფსიქოსოციალური დახმარების საქმეში. მათი ინფორმაციით, დევნილთა უდიდესი ნაწილი ფსიქიკური აშლილობის მაღალი რისკის ქვეშ იმყოფება... ორგანიზაცია, რომელიც ერთი წლის წინ დაფუძნდა, როგორც ევროპის ტრავმული სტრესის კვლევის საზოგადოების აფილირებული წევრი, ამჟამად თბილისსა და გორში აგრძელებს მუშაობას.საზოგადოების მიზანია ხელი შეუწყოს მძიმე სტრესის, ტრავმის შესახებ ცოდნის გაღრმავებასა და გავრცელებას, აგრეთვე ტრავმის მასშტაბებისა და შედეგების გამოსწორებისთვის სტრატეგიის შემუშავებას და ფსიქოტრავმატოლოგიის დარგის განვითარებას საქართველოში. ამ მიზნით 17-19 ოქტომბერს სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გაიმართა კონფერენცია თემაზე: "საპასუხო ღონისძიებები კრიზისის სიტუაციაში - ინტეგრაციული მიდგომა ფსიქოტრავმის მიმართ". კონფერენციაზე ისაუბრეს როგორც აგვისტოს მოვლენების დროს საქართველოში გაწეულ მუშაობაზე, ასევე საერთაშორისო გამოცდილებაზე. კონფერენციაზე შემუშავდა რეკომენდაციები.


გვერდის დასაწყისში გადასვლა

''ადამიანის უფლებები და ფსიქიკური ჯანმრთელობა''
10 ოქტომბერი, 2008

ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს, სახალხო დამცველმა და მასთან არსებულმა მონიტორინგის საბჭომ საზოგადოებას წარუდგინეს მოხსენება - "ადამიანის უფლებები და ფსიქიკური ჯანმრთელობა". სახალხო დამცველთან არსებული საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭო 2006 წელს შეიმქნა, რომელში შედიან ფსიქიატრიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები.


გვერდის დასაწყისში გადასვლა

''დაინახე ჩემში ადამიანი''
10 ოქტომბერი, 2008

"ცხოვრება აზრს კარგავს...", "მენატრება ადამიანები, რომლებიც მიყვარს...", "აქ ყოფნა ერთგვარი სასჯელიც არის, რით დავიმსახურე არ ვიცი..." ამ სიტყვებს იმ დოკუმენტური ფილმის გმირები ამბობენ, რომელიც ასახავს ფსიქიკურად დაავადებულ პირთა მდგომარეობას საქართველოში. "დაინახე ჩემში ადამიანი" - ასე ჰქვია სტუდია "მონიტორის" მიერ გადაღებულ ფილმს, რომელიც, ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო დღეს. კლუბ "ქარავანში" აჩვენეს. ფილმი მომზადდა "სამოქალაქო საზოგადოება საჯარო პოლიტიკის რეფორმის" (CSPPRP) ფარგლებში. ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელიც სფეროში არსებულ პრობლემებს ეხებოდა. გამოიკვეთა, რომ დაფინანსების გაზრდის, ზრუნვის მოდელების შექმნისა და ხელისუფლებისთვის შეთავაზების გარდა, ერთ-ერთი მთავარი საკითხი საზოგადოების დამოკიდებულებაა ადამიანების მიმართ. შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ "გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისისა და პროექტ დებატების პლატფორმის წარმომადგენლები.


გვერდის დასაწყისში გადასვლა

ფონდ "იავნანას" საქველმოქმედო აქცია
25 სექტემბერი, 2008

აგვისტოს ტრაგიკული მოვლენების შედეგად დაობლებული დევნილი ბავშვების დასახმარებლად ფონდმა "იავნანამ" და "თიბისი ფონდმა" სპორტის სასახლეში გამართეს საქველმოქმედო აქცია. მსოფლიოში აღიარებულმა საოპერო მომღერლებმა - ლუჩიანა დინტინომ, რამონ ვარგასიმ და ოლგა რომანკომ პაატა ბურჭულაძესთან ერთად შეასრულეს ვერდის რექვიემი, რომლის ფინალური ნაწილი ათასობით ანთებული სანთლის ფონზე შესრულდა.


გვერდის დასაწყისში გადასვლა

"ბილიკის" ბილიკები
20 სექტემბერი, 2008

აგვისტოს მოვლენებმა ბევრი ადამიანი დევნილად აქცია. ისინი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებს აფარებენ თავს. ყველაზე რთულ მდგომარეობაში ბავშვები არიან. მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია ცდილოს სხვადასხვა პრობლემების გადაჭრაში დაეხმაროს დევნილებს, არასამთავრობო ორგანიზაცია "ბილიკი" პარტნიორ ორგანიზაციებთან - "ბავშვი და გარემო", "ქალთა ფონდი საქართველოში" - ერთად მუშაობს რამდენიმე მიმართულებით. "დაცული კუთხე - ბავშვებისთვის" (Save the Children/USAID) - ასე ჰქვია პროექტს, რომელიც გორის სამ უბანში, ასევე გორის რაიონის ორ სოფელში (ხიდისთავი, ატენი) ხორციელდება. ეწყობა ადგილები, სადაც ბავშვები თამაშობენ, ხატავენ, აწყობენ დისკუსიებს. მეორე პროექტი სახელწოდებით "დავეხმაროთ ომის შედეგად დაზარალებულ ბავშვებს" ("ქალთა ფონდი საქართველოში") მოიცავს ომის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვებისთვის როგორც ფსიქოლოგიურ, ასევე არაფორმალურ საგანმანათლებლო დახმარებას. არასამთავრობო ორგანიზაცია "ბილიკი" 1997 წელს, შიდა ქართლში, გორში დაფუძნდა და ბავშვების პრობლემატიკაზე მუშაობს. ორგანიზაციას აქვს ორი დღის ცენტრი - "ბილიკი" და "სხივი", რომელიც 80 ბავშვს ემსახურება (გორში მცხოვრები ღარიბი ოჯახის შვილები, მათ შორის ქუჩაში მყოფი ბავშვები) და საინტეგრაციო კომპონენტი (ბავშვთა კლუბები), სადაც დღის ცენტრების ბავშვებთან ერთად ჩართულია გორის სხვადასხვა სკოლის 50-მდე მოსწავლე. ამას გარდა ორგანიზაციაში მუშაობს სხვადასხვა სამსახურები (ფსიქოლოგიური, სოციალური, სამედიცინო, ოჯახის მხარდაჭერის სამსახურები, ტრენინგ-ცენტრი, საგანმანათლებლო, შემოქმედებითი, პროფესიული უნარების შემსწავლელი სტუდიები, ბავშვთა კლუბები).


გვერდის დასაწყისში გადასვლა

პარაოლიმპიური თამაშები პეკინში
6-17 სექტემბერი, 2008

ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დასრულებისთანავე პეკინში, 6-დან 17 სექტემბრის ჩათვლით, გაიმართა პარაოლიმპიური ზაფხულის თამაშები. სპორტის 21 სახეობაში მონაწილეობას იღებდა 148 ქვეყნის 4200 სპორტსმენი. პირველად ქართული სპორტის ისტორიაში, საქართველოს სახელით თამაშებში მონაწილეობას იღებდა იაგო გორგოძე. იგი პარაოლიმპიური თამაშების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სახეობაში - წოლჭიმში (დაწოლილ მდგომარეობაში შტანგის აწევა) ასპარეზობდა. ქართველმა სპორტსმენმა მერვე ადგილი დაიკავა. საქართველოში საინვალიდო სპორტის განვითარების ხელშემწყობი ორგანიზაცია 1991 წელს დაარსდა, თუმცა საერთაშორისო პარაოლიმპიურ კომიტეტში გაწევრიანების შემდეგ ორგანიზაციამ სახელი შეიცვალა და 1996 წლიდან მას საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტი ეწოდა. პარაოლიმპიურ კომიტეტში იმედი აქვთ, რომ მომავალი ოლიმპიადისთვის ფინანსების მოძიებაც მოხერხდება და სპორტსმენები უფრო ბევრ სახეობაში მიიღებენ მონაწილეობას.


გვერდის დასაწყისში გადასვლა

ფონდ "პირველი ნაბიჯის" მრავალი ნაბიჯი
25 ივლისი, 2008

"ბრითიშ პეტროლიუმის" კომუნიკაციისა და საგარეო საქმეთა ოფიცერმა მეთიუ ტეილორმა ფონდ "პირველი ნაბიჯის" დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია წამოიწყო - სპეციალური ვებ-გვერდი (http://www.justgiving.com/matttaylor1) გაიხსნა, სადაც ნებისმიერ მსურველს ნებისმიერი თანხის გადარიცხვის საშუალება მიეცა. თანხა მოხმარდება კოჯორში ახლად გახსნილ ბავშვთა სახლის წყლით მომარაგების სისტემის გამართვას. ამ სახლში ცხოვრობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები. ისინი კასპის ინსტიტუციიდან გადმოიყვანეს. საქველმოქმედო ორგანიზაცია "პირველი ნაბიჯი" (www.tfs.ge) აქტიურადაა ჩართული კასპის ბავშვთა სახლის რეორგანიზაციის პროგრამაში, რომლის მიზანია ბავშვთა სახლის დაცლა, ბავშვების შვილობილობა, ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნება და დარჩენილი ბავშვების განთავსება კოჯრის ყოფილი ბავშვთა სახლის ბაზაზე, ამ პროგრამის ფარგლებში მოხდა კოჯრის ბავშვთა სახლის აღდგენა. ფონდი "პირველი ნაბიჯი" გასული საუკუნის 90-იან წლებში დაფუძნდა. დღეს ფონდი რამდენიმე პროგრამას ახორციელებს, როგორიცაა - საცხოვრებელ, სასწავლო, ბავშვების ოჯახებში დაბრუნებისა და პრევენციის, პროფესიული მომზადების, პროფესიული უნარების სწავლისა და დასაქმების, ბავშვების ოჯახებში მომსახურების პროგრამები


გვერდის დასაწყისში გადასვლა

უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობა
3 ივლისი, 2008

"თბილისი-მარიოტში" გაიმართა კონფერენცია თემაზე: "უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობა მოსახლეობის დაუცველი ფენებისთვის: საჭიროებები, პრობლემები, გადაჭრის გზები". კონფერენციის ორგანიზატორი იყო ფონდი "გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი" და მასში მონაწილეობა მიიღეს პროფესიული საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოს პარლამენტის და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ანალიტიკური ანგარიში, ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა სამედიცინო-სოციალური საჭიროებების შემსწავლელი კვლევის შედეგები, რომელიც 2008 წელს ჩატარდა. ორგანიზატორებმა ასევე წარმოადგინეს რეკომენდაციები. კონფერენციაზე ამ საკითხების ირგვლივ გაიმართა კამათი. ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმის ჭრილში საერთო ხედვის შესამუშავებლად კონფერენციის მონაწილეებმა იმუშავეს თემაზე - ფსიქიკური ჯანდაცვის ჰოსპიტალური და ჰოსპიტალგარე მომსახურების ეფექტურ მოდელზე.


გვერდის დასაწყისში გადასვლა

გამოფენა სიონის ბაღში
28 ივნისი, 2008

ბამბის რიგისა და შარდენის ქუჩების გადაკვეთაზე, სიონის ბაღში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სოციალური თერაპიის სახლის, მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის ს\კ ინსტიტუტის კლინიკის, არტ-თერაპიული სახელოსნოს და ასოციაცია "ანტი-სტიგმას" ბენეფიციართა ნამუშევრები - ფერწერა, გრაფიკა, ხელნაკეთი აქსესუარები და სხვადასხვა საოჯახო დეკორატიული ნივთები. გამოფენის პარალელურად ისმოდა კლასიკური მუსიკა, რომელსაც სიმფონიური კვარტეტი ასრულებდა. ღონისძიება გაიმართა ფონდ "გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისის" ინიციატივით. მსგავსი ღონისძიებების მიხანია ხელი შეუწყოს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა სოციალურ ადაპტაციას და ინტეგრაციას საზოგადოებაში


გვერდის დასაწყისში გადასვლა

სოლიდარობის აქცია
14 ივნისი, 2008

14 ივნისს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით კოალიციამ "დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" და ფედერაციამ "გადავარჩინოთ ბავშვები" ("Save the Children"), აშშ-ს განვითარების სააგენტოსა (USAID) და თბილისის მერიის მხარდაჭერით, სოლიდარობის სპორტული აქცია მოაწყვეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. სპორტულ ღონისძიებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ერთად პარლამენტის წევრები - გიგი წერეთელი , რუსუდან კერვალიშვილი იღებდნენ ონაწილეობას.ღონისძიების მიზანი იყო თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების ხაზგასმა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ინკლუზიური გარემოს შექმნის აუცილებლობის კიდევ ერთხელ წარმოჩენა. სპორტული შეჯიბრის შემდეგ ვაკის პარკში გაიმართა კონცერტი.


გვერდის დასაწყისში გადასვლა

ჩვენი სკოლა
12 ივნისი, 2008

122- ე საჯარო სკოლაში გაიმართა საქველმოქმედო ღონისძიება - "ჩვენი სკოლა", რომლის მიზანი იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღისა და სკოლაში ინკლუზიური განათლების დაწყების აღნიშვნა. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ კავშირის "ინვალიდი ბავშვი, ოჯახი, საზოგადოებისა" და 122-ე საჯარო სკოლის წარმომადგენლები. კავშირის წარმომადგენლებსა და სკოლის დირექციას შორის აპრილში შედგა შეთანხმება - სკოლაში ახალი სასწავლო წლიდან, ინკლუზიური განათლების პროცესი დაიწყება. კავშირი "ინვალიდი ბავშვი, ოჯახი, საზოგადოების", რომელიც 1995 წელს ჩამოყალიბდა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობელთა ორგანიზაციაა, სამი წელია ახორციელებს ინკლუზიური განათლებისა და სოციალური ინკლუზიის ხელშემწყობის პროგრამას სახელწოდებით - "დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი".


გვერდის დასაწყისში გადასვლა

"ცხოვრება მშვენიერია"
11 ივნისი, 2008

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს მიეუძღვნეს 149-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და ასოციაცია "ანიკას" დღის ცენტრის ბენეფიციარებმა ღონისძიება -"ცხოვრება მშვენიერია". ბავშვებმა ყვავილების ნარგავებით გაამწვანეს სკოლის ეზო, მათმა ნაწილმა მეგობრობის თემაზე მოხატეს სკოლის ეზო, ყვოელივე ეს ქართული სიმღერების ფონზე მიმდინარეობდა, რომელსაც სკოლის მოსწავლეები ასრულებდნენ. ღონისძიების მომზადებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი როგორც სკოლის მოსწკვლეები, ასევე პედაგოგები, ასოციაცია "ანიკა" და მისი ბენეფიციარები. ღონისძიების დასასრულს, ფედერაციის "გადავარჩინოთ ბავშვების" ("Save the Children") წარმომადგენლებმა სკოლის პედაგოგებისთვის გამართეს პრეზენტაცია ინკლუზიური განათლების მოდელებისა და ახლებური მიდგომების შესახებ.


გვერდის დასაწყისში გადასვლა

თანამშრომლობის სტრატეგია
3-6 ივნისი, 2008

ჰოლანდიური საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის "კორდეიდის" ორგანიზებით სასტუმრო "თბილისი-მარიოტში", პარტნიორი ადგილობირივი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, გაიმართა სამდღიანი სემინარი თემაზე - "განვითარების სფეროში მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის და პარტნიორობის დინამიკა და სტრატეგია". "კორდეიდი" ერთ-ერთ მნიშვნელოვანი დონორი ორგანიზაციაა ევროპაში, რომელიც საქართველოში 10 წელზე მეტხანს უწევდა ფინანსურ მხარდაჭერას არასამთავრობო ორგანიზაციებს.სამდღიანი სემინარი მიზნად ისახავდა "კორდეიდის" პარტნიორი ორგანიზაციების მუშაობის წარმოჩენას და ახალი პარტნიორული ურთიერთობების დამყარებას სამთავრობო სტრუქტურებთან, საერთაშორისო დონორ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან საერთო მიზნების განსახორციელებლად.


გვერდის დასაწყისში გადასვლა

''ბავშვები ბავშვებისთვის''
1 ივნისი, 2008

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, თბილისის ზოოლოგიურ პარკში გაიმართა ბავშვთა ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა სახელწოდებით - "ბავშვები ბავშვებისთვის". თბილისის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან ერთად მოაწყვეს საკუთარი ხელით შექმნილი სუვენირების, სამკაულებისა და სათამაშოების გამოფენა-გაყიდვა. ბავშვების გადაწყვეტილებით, შემოსული თანხა გადაერიცხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კავშირ "იას".


გვერდის დასაწყისში გადასვლა

''მზის ზეიმი - 2008''
1ივნისი, 2008

1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს "მზიურში" ბავშვებისთვის - "მზის ზეიმი" გაიმართა, რომელმაც ტრადიციული სახე მიიღო და ყოველ წელს დიდ სიხარულს ანიჭებს პატარებს. ზეიმი უკვე მესამედ ტარდება და მისი ორგანიზატორია საინიციატივო ჯგუფი ანა გოგუაძის თაოსნობით. წლევანდელი ზეიმის მიზანი იყო მზრუნველობამოკლებული და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების საზოგადოებასთან ადაპტაციის ხელშეწყობა.
ფესტივალის ფარგლებში მოეწყო სხვადასხვა ღონისძიებები - ბავშვთა ნახატების გამოფენა, მსურველებს ფერადი ცარცით თავად შეეძლოთ დაეხატათ მზე, ბავშვთა ნაწილს კი მზის თოჯინასთან ერთად დაუღალავად ეთამაშა, ნაწილს კი კონცერტისთვის ეცქირა.


გვერდის დასაწყისში გადასვლა

"ერთად დავეხმაროთ ბავშვებს"
1 ივნისი, 2008

2004 წლიდან ზუგდიდის #3 საჯარო სკოლასთან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის ფუნქციონირებს ინტეგრირებული კლასები. სადაც ბავშვები შესაბამისი პროგრამითა და მეთოდით იღებენ სწავლა-განათლებას, რომელსაც ახორციელებს კავშირი "ნერგები". ყოველივეს მიზანია  ბავშვების სოციალური ინტეგრაცია.
ბავშვები სისტემატურად იღებენ მონაწილეობას სკოლაში თუ არტ-გალერეაში მოწყობილ გამოფენებსა და საქველმოქმედო აქციებში. სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობისთვის  ინტეგრირებული კლასის მოსწავლეები არაერთხელ დაუჯილდოებიათ სიგელებითა და დიპლომებით. არტ-გალერეაში მოეწყო ბავშვების მიერ დამზადებული სხვადასხვა ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ინტეგრირებული კლასების მოსწავლეები შემოსული თანხით თანატოლებს დაეხმარნენ - ზუგდიდის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს სასწავლო ნივთები გადასცეს საჩუქრად. თავად ინტეგრირებული კლასების მოსწავლეებსაც  არაერთი კეთილი ადამიანი, კომერციული თუ არაკომერციული ორგანიზაციების წარმომადგენლები დაეხმარნენ,  მიუხედვად ამდენი სიკეთისა შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვთა პრობლემები კვლავ რჩება პრობლემებად. კავშირი "ნერგები", ინტეგრირებული კლასების ადმინისტრაცია პროკრედიტ ბანკთან და სახალხო ბანკთან თანამშრომლობით 1 ივნისს მართავს აქციას - "ერთად დავეხმაროთ ბავშვებს"


გვერდის დასაწყისში გადასვლა

"ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესება საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვისა და ინკლუზიური განათლების განახლების გზით"
28 მარტი, 2008

თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დარბაზში გაიმართა კონფერენცია თემაზე: "ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესება საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვისა და ინკლუზიური განათლების განახლების გზით".
კონფერენცია ჩატარდა საერთაშორისო სამართლებრივი ცენტრის (ჰოლანდია), ფონდის "გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილსის" და საქართველოს ბიოეთიკისა და ჯანდაცვის სამართლებრივი საკითხების შემსწავლელი საზოგადოების ერთობლივი მხარდაჭერით.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს პროფესიული საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლებმა, ადგილობრივმა და უცხოელმა ექსპერტებმა.


გვერდის დასაწყისში გადასვლა

ბავშვთა და მოზარდთა შორის ძალადობა - პრობლემის გადაწყვეტის გზების ძიება
27-28 თებერვალს, 2008

სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართა კონფერენცია თემაზე - "ბავშვთა და მოზარდთა შორის ძალადობა - პრობლემის გადაწყვეტის გზების ძიება". კონფერენციას, რომელიც ფონდის "გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში" ინიციატივით გაიმართა, ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრი გია ნოდია, პარლამენტის, აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები.

კონფერენციამდე ერთი წლით ადრე ფონდმა ბავშვთა და მოზარდთა ძალადობის შემსწავლელი ალიანსი ჩამოაყალიბა, რომლის მიზანია ბავშვთა და მოზარდთა ძალადობის ფენომენის შესწავლა და პრევენციული ღონისძიებების ჩამოყალიბება.
საკითხის აქტუალობას კონფერენციის ყველა მონაწილე ხაზს უსვამდა.

"ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, საჭიროა ამ საკითხისადმი სისტემური, ერთობლივი, კოორდინირებული და ძალიან პროფესიონალური მიდგომა", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ. მან ყურადღება გაამახვილა პრობლემასთან მიმართებაში პრევენციის მნიშვნელობაზე -"პრევენცია სწორი და ეფექტური გზაა. ასეთი მიდგომა გაცილებით მომგებიანია, ვიდრე დასჯა და ზედმეტ კონტროლზე დამყარებული მიდგომა".

ბავშვთა და მოზარდთა ძალადობის შემსწავლელი ალიანსის წევრებმა, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ამ სფეროს შემსწავლელი კვლევის შედეგები წარმოადგინეს. ისინი ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ მოზარდებში ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და მწვავე პრობლემაა. სპეციალისტების თქმით, ბავშვთა და მოზარდთა შორის ძალადობა 90-იანი წლებიდან მატულობს. ამ საკითხის მიმართ საზოგადოებრივი აზრის კვლევამ აჩვენა, რომ საზოგადოება აცნობიერებს პრობლემის სიმწვავეს, თუმცა უჭირს მისი გამოწვევი მიზეზების დასახელება.

"ეს არის პრობლემა, რომლის მოგვარებასაც ვერც ერთი სააგენტო ცალკე ვერ შეძლებს", - აღნიშნა ფონდის დირექტორმა ნინო მახაშვილმა.

კონფერენციის მონაწილეები ხაზს უსვამდნენ, რომ საქმე ბევრია და მზადყოფნას გამოთქვამენ თანამშრომლობისთვის, რათა პრობლემის მოგვარების კომპლექსური და ეფექტური მიდგომები შემუშავდეს, განხორციელდეს, რაც ბავშვთა და მოზარდთა შორის, ან მათ მიმართ ძალადობას შეამცირებს.


გვერდის დასაწყისში გადასვლა

ინკლუზიური სწავლების დანერგვა საბავშვო ბაღში -პროექტის პრეზენტაცია
18 თებერვალი, 2008

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ასოციაცია "გეამ" ხაშურის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში, 18 თებერვალს პროექტის - ხაშურის #7 საბავშვო ბაღში ინკლუზიური სწავლების დანერგვის პრეზენტაცია გამართა.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და პედაგოგები. 

ასოციაცია "გეა" შეიქმნა სამოქალაქო განათლების პროგრამის "სიგმას" ფარგლებში, რომელიც ფონდმა "ღია საზოგადოება - საქართველომ" და საერთაშორისო ასოციაციამ "კივიტას გეორგიკამ" ერთობლივად განახორციელეს. აღნიშნული პროექტს ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" აფინანსებს, ხოლო საბავშვო ბაღში ფიზიკური გარემოს შექმნას უზრუნველყოფს ხაშურის მუნიციპალიტეტი.


გვერდის დასაწყისში გადასვლა

''უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობა მოსახლეობის დაუცველი ფენებისთვის''
30 იანვარი, 2008

ამ სახელწოდებით, ბიზნესისა და პარლამენტის საერთაშორისო ასოციაციაში გაიმართა მრგვალი მაგიდა. რომლის ორგანიზატორები იყვნენ ფონდი "გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში" თბილისი" და საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიცია. მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობდნენ პარლამენტის, აღმასრულებელი ხელისუფლების, პროფესიული საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ფსიქიკური ჯანმრთველობის სტრატეგიის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე. პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრმა, ოთარ თოიძემ განაცხადა, რომ არასამთავრობო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, გასულ წელს შემუშავდა კანონი ფსიქიური დახმარების შესახებ, ხოლო ახლა დღის წესრიგში დგას ფსიქიკური ჯანმრთელობის ნაციონალური პოლიტიკის დოკუმენტის შექნა. შეხვედრისას საუბარი შეეხო სახელმწიფო ბიუჯეტში ფსიქიატრიის პროგრამების დაფინანსებისა და ფსიქიატრიის პროგრამების დაგეგმვის საკითხებს. სფეროს დაფინანსება მართალია გაიზარდა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, მიიჩნევენ ექსპერტები. სპეციალისტების განცხადებით, ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანთა რიცხვი გაიზარდა. სფეროს დაფინანსების გარდა, როგორც შეხვედრაზე ითქვა, რომ აუცილებელია მოსახლეობის ინფორმირება თუ რას ნიშნავს ფსიქიკურად დაავადებული ადამიანი, რათა მათ მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება შეიცვალოს.

მრგვალი მაგიდის პარალელურად გაიმართა გაიმართა მ. ასათიანის ფსიქიატრიის ინსტიტუტის არტ-თერაპიულ სახელოსნოში დამზადებული ნამუშევრების გამოფენა.


გვერდის დასაწყისში გადასვლა

საახალწლო ზეიმი
26 დეკემბერი, 2007

ასოციაცია "ანიკას" დღის ცენტრში ბენეფიციარების, ასოციაციის ვოკალური ჯგუფის "ოცნების დასაწყისის" წევრებისა და 149-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით საახალწლო ღონისძიება გაიმართა. მათი რეპერტუარი მრავალფეროვანი იყო - ხალხური და საესტრადო სიმღერები, ლექსები, ქართული ცეკვები.
ასოციაცია "ანიკას" დღის ცენტრის მომსახურება ფინანსდება ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს მიერ. ცენტრის 7 ბენეფიციარი წელიწადზე მეტია 149-ე საჯარო სკოლაში ინკლუზიურ და ინტეგრირებულ სწავლებაშია ჩართული. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ 149-ე საჯარო სკოლა არ შედის თბილისის ათი ინკლუზიური პროგრამის საპილოტე სკოლის რიცხვში. ინკლუზიური განათლების დანერგვა სკოლის კეთილი ნების გამოვლინებაა. ერთწლიანი თანასწავლების შემდეგ სკოლის მოსწავლეები დამეგობრდნენ, მიუხედავად იმისა რომ სკოლა ეტლიანი ადამიანებისთვის შეუფერხებელი გადაადგილებისათვის ადაპტირებული არ არის, შეზღუდული უნარების მქონე ბავშვებს თანაკლასელები და სკოლელები აქტიურად ეხმარებიან. მეგობრობა საახალწლო ზეიმსაც დაეტყო საახალწლო აქსესუარები და მოსაწვევები სკოლის მოსწავლეებმა და ცენტრის ბენეფიციარებმა ერთობლივად დაამზადეს. ბავშვებმა სურვილების ნაძვის ხეც შექმნეს და ერთმანეთისადმი მიძღვნილი სურვილებით მორთეს.


გვერდის დასაწყისში გადასვლა

სოციალური თერაპიის სახლში ბენეფიციარების შექმნილი ნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო
7 დეკემბერი, 2007

სოციალური თერაპიის სახლი წელიწადში ორჯერ - საშობაოდ და სააღდგომოდ მართავს იმ ნივთების გამოფენა-გაყიდვას, რომლებსაც ბენეფიციარები ამზადებენ. თექის ყელსაბამები, ცვილის სანთლები, ბლოკნოტები და უამრავალი ლამაზი ნივთი სოციალური თერაპიის სახლთან არსებულ სახელოსნოებში მზადდება. "სახლი" შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზრდილებს ემსახურება და სოციალური-თერაპიის სახელოსნოებში ამ ულამაზეს ნივთებს სწორედ ისინი ქმნიან - მუშაობენ სახელოსნოებში, სადაც შრომის პროცესი ისეა აწყობილი, რომ თითოეული სრულფასოვან მონაწილეობას იღებს.

7 დეკემბერს სოციალური-თერაპიის სახლის ბენეფიციარების შექმნილი ნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. გაყიდვიდან შემოსული თანხით ისევ იმ მასალებს შეიძენენ, რომლითაც სააღდგომო საჩუქრებს დაამზადებენ და ახალ გამოფენა-გაყიდვას მოაწყობენ.


გვერდის დასაწყისში გადასვლა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე
7 დეკემბერი, 2007

7 დეკემბერს სასტუმრო "თბილისი მარიოტში" შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციის კონცეფციის პრეზენტაციები გაიმართა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე, აშშ-ს ელჩი ჯონ ტეფტი, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგი წერეთელი, სახალხო დამცველი სოზარ სუბარი, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ანდრეა იეტისი, შესაბამისი სამინისტროების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციის კონცეფცია ეფუძნება იმ საერთაშორისო აქტებსა და დოკუმენტებს, რომლებსაც საქართველო მიუერთდა და\ან რომელიც დღეს საერთაშორისო სამართლის განუყოფელი ნაწილია. ციტატა კონცეფციიდან - "კონცეფცია აყალიბებს ერთიან მიდგომას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციის მიმართ, აანალიზებს არსებულ პრობლემებს და სახავს სახელმწიფოს უმთავრეს პრიორიტეტებს ინვალიდობის სფეროში. მოცემული კონცეპტუალური ჩარჩო დოკუმენტი აყალიბებს სახელმძღვანელო პრინციპებს და სამოქმედო ამოცანებს,  რომლებსაც დაეფუძნება სახელმწიფო სტრატეგია და მის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები".


გვერდის დასაწყისში გადასვლა

ინკლუზიური განათლება
30 ოქტომბერი, 2007

ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრში გაიმართა ინკლუზიური განათლების სფეროში მოღვაწე ცნობილი ნორვეგიელი სპეციალისტების ნაშრომთა კრებულის პრეზენტაცია. ქართულ ენაზე თარგმნილი წიგნი, სახელწოდებით "განსხვავებული საჭიროებების მქონე პირთა განათლება", ინკლუზიური განათლების მრავალ ასპექტს მოიცავს და განკუთვნილია როგორც განათლების სფეროში მომუშავეთათვის, ისე ფართო მკითხველისათვის .

სპეციალურად ქართველი მკითხველისთვის ავტორებმა წიგნი განაახლეს და შევსებული ნაშრომი ითარგმნა და გამოსაცემად მომზადდა ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაცია "დეას" მიერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაცია "დეა" 1998 წელს დაფუძნდა. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ადამიანის უფლებების დაცვა, განათლება და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება. ასოციაციამ 25-ზე მეტი პროექტი განახორციელა, გამოცემს გაზეთს, ეწევა იურიდიულ კონსულტაციას, ატარებს საქველმოქმედო ღონისძიებებს, შეიმუშავა ინვალიდობის სფეროში ომბუდსმენის კონცეფცია, გამოსცა პირველი ქართული სახელმძღვანელო "გზა ინკლუზიისაკენ".


გვერდის დასაწყისში გადასვლა

გამოფენა-გაყიდვა
12 ოქტომბერი, 2007

თიხისა და თექისგან დამზადებული სამკაულები, სათამაშოები, ნაჭრის თოჯინები - ამ ლამაზი ნივთების გამოფენა-გაყიდვა არტ-ბარში მოეწყო.. ნაკეთობების ავტორები კავშირი "იას" მზრუნველობის ქვეშ მყოფი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები და მოზრდილები არიან. სამდღიანი აქციის მიზანი იყო "იას" მზრუნველობის ქვეშ მყოფთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა.

კავშირი "ია" 2005 წელს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობლების მიერ დაარსდა. კავშირის მიზანია საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მდგომარეობის და მათდამი საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლა, სტიგმის დაძლევა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა და მათი განვითარების ხელშემწყობი პირობების შექმნა.

3-დან 8-წლამდე, 8-დან 16-წლამდე და 16-დან 25 წლამდე ასაკის ბენეფიციარებისთვის ფუნქციონირებს დღის ცენტრი. მათ შორის არის ინტეგრირებული ჯგუფებიც, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებთან ერთად საქმიანობენ მათი და-ძმები და სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილები. ბენეფიციარებთან ერთად საქმიანობაში ჩართულნი არიან პედაგოგები, არტ-თერაპევტები, მშობლები. კავშირში შექმნილია ისეთი გარემო, სადაც ყველა ადამიანი სრულფასოვან მონაწილეობას ღებულობს და თითოეულ ღირსეული წვლილი შეაქვს იმ ლამაზი ნივთების დამზადებაში, რომლის გამოფენა-გაყიდვაც ხშირად ეწყობა.


გვერდის დასაწყისში გადასვლა

წიგნის პრეზენტაცია
12 სექტემბერი, 2007

12 სექტემბერს სახალხო დამცველის ოფისში გაიმართა ზიგფრიდ მ. პოიშელის წიგნის პრეზენტაცია. ახალი შევსებული სახელმძღვანელო, სახელწოდებით "დაუნის სინდრომი", დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებისთვის, პროფესიონალებისა და აგრეთვე, ყველა დაინტერესებული პირისთვის არის განკუთვნილი.
განახლებული გამოცემა შეიცავს ყველა იმ მიღწევას, რომელიც ბოლო ათწლეულების მანძილზე დაუნის სინდრომის შესწავლის სფეროში მოხდა, რამაც თავისთავად წიგნის გადახალისება - ახალი ფაქტების, ახალი თავების დამატება მოითხოვა, რაც სინდრომის შესახებ ახალ ცოდნასა და მიღწევებს ასახავს. წიგნის ქართული თარგმანი გამოსცა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებისა და პროფესიონალების კავშირმა - "ჩვენი ბავშვები". კავშირი თბილისში, 2006 წელს დაარსდა და მასში გაერთიანებული არიან ექიმები, ფსიქოლოგები, ოკუპაციური თერაპევტები, ასევე დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები და მათი ახლობლები.
ორგანიზაციის მიზანია იზრუნოს დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების სოციალურ რეაბილიტაციაზე და ამ პრობლემის მიმართ საზოგადოების თვითშეგნების ამაღლებაზე. მიზნების მისაღწევად ორგანიზაცია თარგმნის და ავრცელებს უახლეს ინფორმაციას, ქმნის საინფორმაციო ბროშურებს მედ-პერსონალისა და მშობლებისთვის.


გვერდის დასაწყისში გადასვლა

მხატვრის აჩრდილი
29 ივლისი, 2007

სანდრო ახმეტელის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, 29 ივნისს გაიმართა ასოციაცია "ანტი სტიგმას" მიერ ორგანიზებული აქცია-სპექტაკლი "მხატვრის აჩრდილი", რომელიც საზოგადოებაში არსებულ სტიგმის პრობლემას ასახავს.
სპექტაკლი ასოციაცია "ანტი სტიგმას" მოხალისე მსახიობის ლადო გამსახურდიას სცენარით და რეჟისურით დაიდგა. სპექტაკლი იმითაც არის აღსანიშნავი, რომ მასში მონაწილეობას მსახიობთა შერეული ჯგუფი იღებდა - მოხალისე მსახიობები, მოზრდილები, ფსიქიატრიული პანსიონატის მობინადრენი.
ასოციაცია "ანტი სტიგმა" 2001 წლიდან ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მუშაობს. "ანტი სტიგმა" ცდილობს ისეთი გარემო შექმნას, სადაც ფსიქიკური პრობლემების მქონე პირები არ იქნებიან სტიგმატიზირებული და დისკრიმინირებული. ასოციაცია ხელს უწყობს მათ ინტეგრაციას საზოგადოებაში.


გვერდის დასაწყისში გადასვლა

თბილი, მყუდრო ოჯახი
14 ივნისი, 2007

14 ივნისს, ინვალიდთა უფლებების დაცვის დღეს, გურიის რეგიონის ინვალიდთა ასოციაციის ბენეფიციარებმა ოზურგეთის სახელმწიფო თეატრში მაყურებელს სპექტაკლი "იავნანამ რა ჰქმნა" წარუდგინეს. გამოსვლამ იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა, რომ თეატრის მმართველისგან და რეჟისორისგან წინადადება მიიღეს, რომ ერთობლივი სპექტაკლი დადგან, რომელზეც მუშაობა სექტემბრიდან დაიწყება.
გურიის რეგიონის ინვალიდთა ასოციაცია 1991 წელს შეიქმნა. მისი მიზანია დაიცვას და დაეხმაროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და ხელი შეუწყოს მათ ინტეგრაციას საზოგადოებაში. არსებობის 15 წლის მანძილზე ასოციაციამ სხვადასხვა ორგანიზაციის მხარდაჭერით მრავალი პროექტი განახორციელა.
2005 წლიდან გურიის რეგიონის ინვალიდთა ასოციაცია ახორციელებს "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი ცენტრების განვითარების უზრუნველყოფის" პროექტს, რომელსაც სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი აფინანსებს. პროექტი ითვალისწინებს ბენეფიციარების ყოველდღიურ მომსახურებას, რაც იმას ნიშნავს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები შაბათ-კვირის გარდა ასოციაციაში დადიან, ერთმანეთანი გაიცნეს და დამეგობრდნენ, საგანმანათლებლო, კულტურულ, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცხოვრებაში ჩაერთვნენ.


გვერდის დასაწყისში გადასვლა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე
1 ივნისი, 2007

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა "მზიურში" ბავშვებისთვის გასართობი ღონისძიება, გაიმართა - კონცერტი, ბავშვთა ნახატების გამოფენა.
ღონისძიების ორგანიზატორია საინიციატივო ჯგუფი "ჩვენ ვხედავთ მზეს", რომელსაც ანა გოგუაძე ხელმძღვანელობს.







გვერდის დასაწყისში გადასვლა

"მხიარული ავტობუსი" ვაკის პარკში
1 ივნისი, 2007

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ვაკის პარკში საქართველოს SOS-ბავშვთა სოფლისა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით "მხიარული ავტობუსი" "ჩამოდგა". "მხიარული ავტობუსი", ანუ სოციალური ცენტრი ბორბლებზე - საქართველოს SOS-ბავშვთა სოფლის ერთ-ერთი პროექტია, რომელშიც შედის სხვადასხვა ასაკობრივი ბავშვებისთვის შერჩეული ინტერაქტიული, მრავალფეროვანი და საინტერესო თამაშები. ღონისძიებაში უამრავმა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. ბავშვებისთვის მხიარული და საინტერესო ატმოსფეროს შექმნის გარდა, ღონისძიების მიზანი იყო გაეროს ბავშვთა უფლებათა კონვენციის გავრცელება და ამით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
საქართველოს SOS-ბავშვთა სოფელის ძირითადი მიზანია მზრუნველობა გაუწიოს ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებს და ოჯახის მსგავსი აღზრდის პირობები შეუქმნას.


გვერდის დასაწყისში გადასვლა

ერთობა "ქედელის" პრეზენტაცია
3 მაისი, 2007

ერთობა "ქედელი" შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ზრდასრულ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციისა და მათთვის სოფლის ტიპის დასახლების შექმნის მიზნით შეიქმნა. ორგანიზაციამ წლების განმავლობაში შესყიდა ძველი სახლები საკარმიდამო მიწის ნაკვეთით და 2003 წლიდან დაიწყო ბენეფიციარების საცხოვრებელ სახლში დასახლება. დღეს ამ სახლში ცხოვრობს 10 ზრდასრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. 3 მაისს ერთობა "ქედელის" პრეზენტაცია გაიმართა, სტუმრებს "ქედელის" წევრებმა ზღაპარი "უბედური პრინცესა" წარუდგინეს. პრეზენტაციის დასასრულს კი "ქედელის" წევრთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ მეგობარი ორგანიზაციების - სოციალური თერაპიის სახლის, ფონდ "პირველი ნაბიჯის", თემი "გრემის", თბილისის სამკურნალო-პედაგოგიური სკოლის წარმომადგენლები. ასევე ესწრებოდნენ "ქედელის" სტუმრები ბელგიიდან, გერმანიიდან. ერთობა "ქედელმა" პრეზენტაციაზე პირველი ლედი სანდრა რულოვსი მიიწვია.


გვერდის დასაწყისში გადასვლა

ბავშვთა ღიმილი
23 აპრილი, 2007

თურქეთის ქალაქ სტამბულში გაიმართა ბავშვთა საერთაშორისო ფესტივალი "ბავშვთა ღიმილი". ფესტივალში მონაწილეობდნენ 40 ქვეყნიდან წარგზავნილი ბავშვები, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები. თითოეულმა მათგანმა მიიღო საპატიო სიგელი და სამახსოვრო სურათი.
საქართველოდან მონაწილეობას იღებდა ასოციაცია "ანიკას" წევრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ჯგუფი - "ოცნების დასაწყისი". ჯგუფის წევრებმა შეასრულეს ქართული ხალხური და საესტრადო სიმღერები. ბევრი თანატოლი გაიცნეს და შეიძინეს ახალი მეგობრები.


გვერდის დასაწყისში გადასვლა

გამოფენა-გაყიდვა
30 მარტი, 2007

სოციალური თერაპიის სახლთან არსებულ სახელოსნოებში დამზადებული ნივთების ტრადიციული გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
სოციალური თერაპიის სახლი 1990 წლიდან ფუნქციონირებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 40 მოზრდილს ემსახურება. სოციალური-თერაპიის სახლის სახელოსნოებში თექისგან დამზადებულ ყელსაბამებს, ცვილისა და პარაფინის სანთლებს, ბლოკნოტებს, ღია ბარათებს, წიგნის სანიშნებს, გობელენებს, ხის ნაკეთობებს და უამრავ სხვა ლამაზ ნივთს მოხმარებისთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზრდილები ქმნიან. ისინი ყოველდღე დადიან "სახლში" და სახელოსნოებში მუშაობენ. სახელოსნოში შრომის პროცესი ისეა აწყობილი, რომ თითეული მათგანი სრულფასოვან მონაწილეობას იღებს. აქ ისინი თანამშრომლები არიან.


გვერდის დასაწყისში გადასვლა

გაზაფხულის და მეგობრობის ზეიმი
30 მარტი, 2007

ასოციაცია "ანიკას" და თბილისის 149-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, სოციალური დახმარების სააგენტოს ხელშეწყობით, საზეიმო ღონისძიება გამართეს, რომელიც გაზაფხულს და მეგობრობას მიუძღვნეს, ამიტომაც ბავშვებმა ზეიმს - "გაზაფხულის და მეგობრობის დღესასწაული" უწოდეს.
სექტემბრიდან თბილისის 149-ე საჯარო სკოლაში თანატოლებთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე რამდენიმე ბავშვი სწავლობს. ერთად სწავლის, მეგობრობის და ურთიერთობის შემდეგ მოსწავლეებმა ერთად მოამზადეს და წარმოადგინეს საზეიმო პროგრამა. ისინი ერთობლივად უძღვებოდნენ ღონისძიებას, ამბობდნენ ლექსებს, მღეროდნენ.


გვერდის დასაწყისში გადასვლა



free web page counter
საიტის მუშაობას უზრუნველყოფს
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი.
თბილისი 0171, 26 მაისის მოედანი2, V სართული
ტელ/Tel: (995 32) 941 605 ფაქსი/Fax:(995 32) 330 417
ელ. ფოსტა/e-mail adm@civilin.org