www.civilin.org/welfare
სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამა ENGLISH
 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

საკანონმდებლო სიახლეები (არქივი)

საქართველოს კანონი "შვილად აყვანის შესახებ"

2007 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი "შვილად აყვანის შესახებ", რომლის ძირითადი ნაწილიც ამოქმედდება 2008 წლის 1 მაისიდან. შესაბამისად ამ თარიღიდან ძალას კარგავს შვილად აყვანის სფეროში დღეს მოქმედი კანონი "შვილად აყვანის წესის შესახებ".
"შვილად აყვანის შესახებ" საქართველოს კანონის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის უფლების განხორციელებას და უზრუნველყოს შვილად აყვანის სისტემის გამართული ფუნქციონირება. კანონი გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით (შეთანხმებებით) განსაზღვრული პრინციპებიდან და განსაზღვრავს არასრულწლოვანი საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის შვილად აყვანის წესს, პირობებსა და პროცედურებს. კანონი მთელ რიგ შემთხვევებში ახლებურად არეგულირებს შვილად აყვანასთან დაკავშირებულ საკითხებს. კანონით დარეგულირებულია შემდეგი საკითხები:

ვინ შეიძლება იყოს მშვილებელი - მშვილებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი, გარდა იმ პირისა, რომელსაც:

  • ჩამოერთვა მშობლის უფლება ან ადრე ჰყავდა შვილად აყვანილი სამეურვეო\სამზრუნველო პირი ან\და შვილობილი, მაგრამ ეს ურთიერთობა გაუქმდა მის მიერ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულების გამო;
  • საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეზღუდული აქვს მშობლის უფლება;
  • ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია მშობლის მოვალეობათა ჯეროვნად შესრულება;
  • სასამართლომ მსჯავრი დასდო მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის.

ვინ შეიძლება დაექვემდებაროს შვილად აყვანას - შვილად აყვანას ექვემდებარება ერთიან რეესტრში აღრიცხული 18 წლამდე ასაკის პირი, რომელსაც მიენიჭა გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი, კერძოდ ბავშვი:

  • რომლის მშობელი (მშობლები) სასამართლომ აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად;
  • რომელსაც არ ჰყავს არც ერთი მშობელი (შემდგომში - ობოლი ბავშვი);
  • რომელიც აღიარებულ იქნა მიტოვებულ ბავშვად;
  • რომლის მშობელმა (მშობლებმა) მის გაშვილებაზე თანხმობა განაცხადა (განაცხადეს) და რომელიც აღრიცხულია ერთიან რეესტრში;
  • რომლის მშობელს (მშობლებს) ჩამოერთვა (ჩამოერთვათ) მშობლის უფლება.

რა შეზღუდვებია დაწესებული შვილად აყვანაზე - პირის შვილად აყვანის მიზნებია მისი კეთილდღეობის, ინტერესების დაცვის, ღირსეულად აღზრდის, სრულფასოვანი განვითარებისა და მის მიერ განათლების მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფა. ამასთან შვილად აყვანა დასაშვებია თუ მშვილებელსა და ნაშვილებს შორის წარმოიშობა ისეთივე ურთიერთობა, როგორიცაა მშობელსა და შვილს შორის. ზემოაღნიშნული ინტერესებიდან გამომდინარე დაწესებულია შემდეგი შეზღუდვები:

  • აკრძალულია შვილად აყვანის მიზნით ფეხმძიმე ქალის წინასწარ შერჩევა და მისი სამშობიაროდ საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყვანის შესაძლებლობის შექმნა ან ასეთ ქმედებაში ხელის შეწყობა;
  • აკრძალულია გასაშვილებელი ბავშვისა და მშვილებლის საჯარო განცხადებით ძებნა ან შეთავაზება. გამონაკლისია საჯარო განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ შვილად აყვანის საკითხებზე უნდა მიმართონ მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს ან ცენტრალურ ორგანოს. ასეთ განცხადებაში არ მიეთითება გასაშვილებელი ბავშვის ვინაობა;
  • შვილად აყვანა არ შეიძლება პირობით, ვადაზე მითითებით ან წარმომადგენლის მეშვეობით. შვილად აყვანის დროს მშვილებელს უფლება აქვს ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადვოკატის ან სხვა უფლებამოსილი პირის იურიდიული მომსახურებით;
  • ასაკობრივი სხვაობა მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის უნდა იყოს არანაკლებ 16 წლისა. პატივსადები მიზეზის არსებობისას სასამართლომ შესაძლებელია შეამციროს ეს ასაკობრივი სხვაობა. ასეთი ასაკობრივი შეზღუდვა არ არის დაწესებული იმ შემთხვევაში თუ მშვილებელი არის დედინაცვალი ან მამინაცვალი.

ვის აქვს ბავშვის შვილად აყვანის უპირატესი უფლება - შვილად აყვანის დროს დაცული უნდა იქნეს ერთი მხრივ ერთიან რეესტრში არსებული რიგითობა, ხოლო მეორე მხრივ გასაშვილებელი ბავშვის ინტერესები და გათვალისწინებული უნდა იქნეს მშვილებელ ოჯახთან/პირთან მისი თავსებადობა. აქედან გამომდინარე გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანის უპირატესი უფლება აქვს:

  • მის ნათესავს. ამ შემთხვევაში ნათესავად ითვლება პირი, რომლისთვისაც გასაშვილებელი ბავშვი არის შვილიშვილი, დისშვილი, ძმისშვილი, გერი ძმის შვილი, გერი დის შვილი, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი ან მათი შვილები;
  • ბავშვის მიმღებ ოჯახს, დედობილს ან/და მამობილს.

რომელი ორგანოები ახორციელებენ შვილად აყვანის პროცედურებს და რა უფლებამოსილებები აქვთ მათ - გარდა კანონით პირდაპირ განსაზღვრული ორგანოებისა და პირებისა, ყველა სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირს ეკრძალება ნებისმიერი ქმედება გასაშვილებელი ბავშვის სტატუსის მინიჭებისა და შვილად აყვანის მიზნით. თუმცა დაშვებულია შვილად აყვანის დროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადვოკატის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ იურიდიული მომსახურების გაწევა, აგრეთვე საერთაშორისო გაშვილების დროს - შესაბამის ქვეყანაში უფლებამოსილი ორგანოს ან აკრედიტებული იურიდიული პირის მიერ მომსახურების გაწევა. შვილად აყვანის სფეროში უფლებამოსილი ორგანოები არიან:

  • საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ან/და მის სისტემაში შემავალი უფლებამოსილი დაწესებულება (ორგანიზაცია) - სამინისტრო წარმოადგენს შვილად აყვანის სფეროში ცენტრალურ სახელმწიფო ორგანოს, რომელიც: კოორდინაციას უწევს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოთა მუშაობას, უზრუნველყოფს შვილად აყვანის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას, შეიმუშავებს ერთიან რეესტრს, შეიმუშავებს მშვილებლისა და გასაშვილებელი ბავშვის თავსებადობის კრიტერიუმებს, აწარმოებს სოციალურ მუშაკთა უწყებრივ რეესტრს, წარმოადგენს ცენტრალურ ორგანოს საერთაშორისო გაშვილების საკითხებში, აგრეთვე ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს;
  • აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამინისტროები, აგრეთვე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები - ზემოაღნიშნული ორგანოები არიან მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოები თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე. ისინი კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, თავის სამოქმედო ტერიტორიაზე ახორციელებენ ბავშვის უფლებების დაცვას და შვილად აყვანის პროცედურების განხორციელების ყველა ეტაპზე არიან ბავშვის წარმომედგენლები. მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოები ახორციელებენ ისეთ უფლებამოსილებებს, როგორებიცაა: შვილად აყვანასთან დაკავშირებით დასკვნების მომზადება, ადგილობრივი რეესტრის წარმოება, მშვილებელ ოჯახთა აღრიცხვა და სხვა;
  • სასამართლოები - სასამართლოები იღებენ გადაწყვეტილებებს შვილად აყვანასთან დაკავშირებულ მთელ რიგ საკითხებზე, მათ შორის ბავშვის მიტოვებულად აღიარების შესახებ. შვილად აყვანის დროს საბოლოო გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს წარმოადგენს სასამართლო.
  • სოციალური მუშაკი - შვილად აყვანის პროცესში მონაწილეობას იღებს სოციალური მუშაკი, ამასთან იგი აუცილებლად უნდა იყოს არასრულწლოვანთა პრობლემებზე მომუშავე სოციალური მუშაკი. სოციალური მუშაკი შვილად აყვანის პროცესში მონაწილეობს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსთან დადებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე.

როგორ ხდება საერთაშორისო გაშვილება - საერთაშორისო გაშვილების დროს კანონმდებლობით დადგენილ საერთო მოთხოვნებთან ერთად (რაც ზოგადად დადგენილია გაშვილებისას) დაცული უნდა იყოს შემდეგი აუცილებელი პირობები:

  • საქართველოდან უცხო ქვეყანაში ბავშვის გაშვილება შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული ფორმა, თუ არ შეიძლება ბავშვი დაუბრუნდეს ბიოლოგიურ ოჯახს, ან შვილად იქნეს აყვანილი საქართველოს მოქალაქის ან/და საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ და მისი საქართველოში გაშვილება შეუძლებელია.
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოდან შეუძლია იშვილოს ცენტრალურ რეესტრში აღრიცხვაზე მყოფი გასაშვილებელი ბავშვის სტატუსის მქონე პირი, რომელიც ცენტრალურ რეესტრში აღრიცხვაზე აყვანიდან 18 თვეში ვერ იქნა შვილად აყვანილი საქართველოს მოქალაქის მიერ. ამ შემთხვევაში სოციალური მუშაკი ატარებს კვლევას, რომლის საფუძველზე წარმოდგენილ დასკვნაში უნდა აღინიშნოს მიზეზები, რომელთა გამოც საქართველოში ვერ მოინახა ამ ბავშვისათვის მშვილებელი. ჩატარებული კვლევის საფუძველზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით იწყებს მისი უცხო ქვეყანაში გაშვილების პროცედურის განხორციელებას.
  • საერთაშორისო გაშვილებისას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (ან მის სისტემაში შემავალი უფლებამოსილი დაწესებულება) ბავშვთა დაცვისა და საერთაშორისო გაშვილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ჰააგის კონვენციის მოთხოვნათა შესაბამისად უკავშირდება ხელშემკვრელ სახელმწიფოთა ანალოგიურ სამსახურებს და ცვლის ინფორმაციას. თუ
  • რომელიმე უცხო ქვეყანა არ არის ამ კონვენციის ხელშემკვრელი მხარე ან/და მისი კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული გაშვილების საკითხებში ცენტრალური ორგანო, მაშინ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ამტკიცებს მშვილებელი ქვეყნის ცენტრალურ ორგანოსთან ან აკრედიტებულ შესაბამის უფლებამოსილ ორგანიზაციასთან დასადები სპეციალური ხელშეკრულების ფორმას.
  • უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოდან ბავშვის შვილად აყვანა შეიძლება, თუ მშვილებელი აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს და აღრიცხულია ცენტრალურ რეესტრში.
  • უცხო ქვეყანაში ბავშვის გასაშვილებლად სავალდებულოა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენა, რასაც ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი კომისია. კომისიის მუშაობის წესს, მის შემადგენლობასა და კომისიის მიერ უცხო ქვეყანაში გაშვილებული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გადამოწმების წესს ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
  • უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოდან ბავშვის შვილად აყვანის შემთხვევაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ინფორმაციას აწვდის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

კანონით აგრეთვე განსაზღვრულია ისეთი საკითხები, როგორიცაა:

  • შვილად აყვანის პროცედურაში მონაწილე მხარეები და შესაბამისი ღონისძიებები - გასაშვილებელი ბავშვის გამოვლენა და აღრიცხვა, ბავშვის მიტოვებულად აღიარება, თანხმობა ბავშვის გაშვილებაზე და ბავშვის გაშვილება მშობლის თანხმობის გარეშე, მშვილებელ ოჯახთა აღრიცხვა, შვილად აყვანის შესახებ დასკვნის მომზადება.
  • შვილად აყვანის საქმის წარმოება სასამართლოში - სასამართლოს მიერ შვილად აყვანის შესახებ საქმის განხილვა, გადაწყვეტილება შვილად აყვანის ან შვილად აყვანაზე (გაშვილებაზე) უარის თქმის შესახებ, შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმება ან ბათილად ცნობის საფუძვლები.
  • შვილად აყვანის სამართლებრივი შედეგი, შვილად აყვანის საიდუმლოება, გაშვილების შემდგომი კონტროლი.

აღსანიშნავია, რომ 2009 წლის 1 იანვრამდე ამ კანონით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს შვილად აყვანის სფეროში განახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ხოლო მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოთა ფუნქციებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები - საგანმანათლებლო რესურს-ცენტრები, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი განათლების სამინისტროები.




ცვლილებები საშემოსავლო გადასახადის განაკვეთში


2007 წლის 11 ივლისს საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, 2008 წლის 1 იანვრიდან საშემოსავლო და სოციალური გადასახადები ერთიანდება, შესაბამისად შემოდის ერთიანი საშემოსავლო გადასახადი, რომლის განაკვეთია 25%. 2007 წლის დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის 23-ე ნაწილში. გარდამავალი ეტაპისთვის, 2008 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 1 იანვრამდე საგადასახადო პერიოდში, ფიზიკური პირის ქვემოთჩამოთვლილ დასაბეგრ შემოსავლებზე საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი შეადგენს 12 პროცენტს, კერძოდ 12%-იანი განაკვეთით დაიბეგრება:
ა) გრანტით მიღებული სახსრებიდან გრანტის მიმღები ორგანიზაციის მიერ გაცემული ანაზღაურება.
ბ) საქართველოში არსებული დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს მოქალაქეებზე გაცემული ანაზღაურება.
გ) საერთაშორისო ხელშეკრულებით სოციალური გადასახადისგან გათავისუფლებული ანაზღაურება.
დ) სასამართლო გადაწყვეტილებით სასჯელის აღსრულების დაწესებულებებში მოთავსებული პირებისათვის გადახდილი თანხები.
ე) შრომისუნარიანობის დროებით დაკარგვის შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ანაზღაურება.
ვ) სხვა ანაზღაურება, რომელიც 2007 წლის 31 დეკემბრისათვის მოქმედი კანონმდებლობით არ იბეგრება სოციალური გადასახადით.
ცვლილებების შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადის 25 %-იანი განაკვეთი (ზემოაღნიშნული შემთხვევების გარდა) იმოქმედებს 2008 წლის 1 იანვრიდან შემდგომ საგადასახადო პერიოდზე, ამასთან აღსანიშნავია, რომ 2008 წლის 1 იანვრამდე დარიცხულ და გაუცემელ ხელფასებზე იმოქმედებს საშემოსავლო გადასახადის 12%-იანი განაკვეთი.




2008 წლიდან საშემოსავლო გადასახადის ახალი განაკვეთები ამოქმედდება
 

2007 წლის 11 ივლისს საგადასახადო კოდექსში შევიდა მთელი რიგი ცვლილებები, კანონმდებლის აზრით, ცვლილებების ძირითად მიზანს წარმოადგენს, რეგიონში ყველაზე ლიბერალური საგადასახადო კანონმდებლობის საშუალებით, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა. არსებითი ხასიათის ცვლილებები შეეხო საშემოსავლო და სოციალურ გადასახადებს. კერძოდ, 2008 წლის 1 იანვრიდან საქართველოში საშემოსავლო და სოციალური გადასახადები ერთიანდება და ყალიბდება ერთიანი საშემოსავლო გადასახადი. განხორციელებული ცვლილებები ითვალისწინებს გადასახადების გადამხდელების დიფერენცირებას განაკვეთების მითითებით. ცვლილებების შესაბამისად საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი დიფერენცირებულია შემდეგნაირად:

  • დაქირავებული ფიზიკური პირის მიერ ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები იბეგრება 25%-იანი განაკვეთით. აღნიშნული განაკვეთი მათ შორის ეხება გრანტის მიმღები ორგანიზაციის მიერ, გრანტით მიღებული სახსრებიდან ფიზიკურ პირზე გაცემულ ხელფასს, აგრეთვე, დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს მოქალაქეებზე გაცემულ ხელფასს;
  • თუ საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი მომსახურების გაწევისთვის საზღაურს (სარგებელს) უხდის ისეთ ფიზიკურ პირს, რომელსაც არ გააჩნია გადასახადის გადამხდელის მოწმობა, ამ უკანასკნელის ზემოაღნიშნული შემოსავალი დაიბეგრება 25%-იანი განკვეთით. ხოლო თუ ფიზიკური პირი, რომელიც მომსახურების გაწევით იღებს საზღაურს (სარგებელს), რეგისტრირებულია გადასახადის გადამხდელად, მისი შემოსავალი 2011 წლამდე დაიბეგრება 12%-იანი განაკვეთით. ზემოაღნიშნული აგრეთვე ვრცელდება გრანტით მიღებული სახსრებიდან გრანტის მიმღები ორგანიზაციის მიერ ფიზიკურ პირზე გაცემულ ანაზღაურებაზე (გარდა ხელფასისა), აგრეთვე დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს მოქალაქეებზე გაცემულ ანაზღაურებაზე (გარდა ხელფასისა);
  • მეწარმე ფიზიკური პირის ან/და ამხანაგობის წევრი ფიზიკური პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობით მიღებული და "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობით მიღებული შემოსავლები იბეგრება 25%-იანი განაკვეთით;
  • უცვლელი რჩება საგადასახადო კოდექსის 195-ე, 196-ე და 197-ე მუხლები, რომლებიც ზოგიერთი სახის შემოსავლებზე ადგენს დიფერენცირებულ განაკვეთებს. მაგალითად: საქართველოს საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის  გადახდილი დივიდენდები იბეგრება 10%-იანი განაკვეთით;
  • ზემოაღნიშნულის გარდა ფიზიკური პირის ყველა სხვა სახის შემოსავლები 2011 წლამდე იბეგრება 12%-იანი განაკვეთით. მაგალითად: ფიზიკური პირის მიერ 6 თვეზე ნაკლები ვადით საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ან/და 2 წელზე ნაკლები ვადით საკუთრებაში არსებული მატერიალური აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი 2011 წლამდე დაიბეგრება 12%-იანი განაკვეთით.




საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 ივნისის # 121 დადგენილებით, 1 ივლისიდან ამოქმედდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ახალი სისტემა. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, აგრეთვე სოციალური დახმარების სახელმწიფო პროგრამების განხორციელების მიზნით სამინისტროს სისტემაში შეიქმნა ,,ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტო" და "სოციალური სუბსიდიების სააგენტო".


ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტო

"ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტო" წარმოადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას. სააგენტო გარკვეული სახის ურთიერთობებში წარმოადგენს ,,საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის" უფლებამონაცვლეს. სააგენტოს საქმიანობის მიზანია მოსახლეობის გარკვეული ჯგუფებისათვის ჯანმრთელობის (მათ შორის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის) და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მომსახურების (საქონლის) შესყიდვა ან/და მომსახურებების (საქონლის) დაფინანსების ორგანიზება. სააგენტოს ძირითადი ამოცანებია:

  • მოსახლეობის ჯანმრთელობის (მათ შორის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის) და სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამების განხორციელებისათვის სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება;
  • სახელმწიფო პროგრამების განხორციელებისთვის "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, პროგრამებში მონაწილე პირებთან სათანადო ხელშეკრულებების გაფორმება და კონტროლი ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაზე;
  • განხორციელებული სახელმწიფო პროგრამების მიმდინარეობისა თანხების ხარჯვის შესახებ დეტალური ანგარიშების მომზადება და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის წარდგენა;
  • პროგრამების ინფორმაციული უზრუნველყოფა, კერძოდ მოსარგებლე ბენეფიციართა აღრიცხვა, გაწეული მომსახურების თაობაზე ინფორმაციის ავტომატიზებული დამუშავება და სისტემატიზაცია;
  • მოსახლეობის ჯანმრთელობის (მათ შორის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის) და სოციალურ სფეროში მოქმედ ორგანიზაციებთან (მათ შორის სადაზღვევო ორგანიზაციებთან) თანამშრომლობა;
  • კომპეტენციის ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობა და მათი განხორციელების ხელშეწყობა;
  • ბენეფიციარების ინფორმირება მასობრივი ინფორმაციისა და საკუთარი ბეჭდვითი საშუალებების გზით.
  • სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების განხილვა, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;
  • საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებით საერთაშორისო ან ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
  • საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული სხვა ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების განხორციელება.

სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. სააგენტოს გააჩნია 11 ტერიტორიული ორგანო, რომლებიც წარმოადგენენ მას საქართველოს შესაბამის რეგიონებში. სააგენტოს ტერიტორიული ორგანოებია:

  • გურიის ფილიალი;
  • იმერეთის ფილიალი;
  • კახეთის ფილიალი;
  • მცხეთა-თიანეთის ფილიალი;
  • რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ფილიალი;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთის ფილიალი;
  • სამცხეჯავახეთის ფილიალი;
  • შიდა ქართლის ფილიალი;
  • ქვემო ქართლის ფილიალი;
  • აჭარის ფილიალი;
  • აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ფილიალი.

სოციალური სუბსიდირების სააგენტო

"სოციალური სუბსიდიების სააგენტო" წარმოადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლის ქვეშ არსებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირს. სააგენტო ყველა სახის ურთიერთობებში წარმოადგენს "სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს" უფლებამონაცვლეს, ხოლო ნაწილობრივ ,,საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის"უფლებამონაცვლეს. სააგენტოს მიზნებია მოსახლეობის სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაცია და მისი განხორციელების ხელშეწყობა. სააგენტოს ფუნქციებია:

  • სოციალური დახმარების მიზნობრივი პროგრამების განხორციელება ან განხორციელების ხელშეწყობა;
  • ქვეყანაში სიღატაკის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სოციალური დაცვის ღონისძიებების შესახებ წინადადებების მომზადება, დამტკიცებული პროგრამების განხორციელება კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში;
  • "სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის" შექმნა და მისი პერიოდული სრულყოფა;
  • თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სოციალური დახმარების მიმღებთა გამოვლენა, დადგენა, აღრიცხვა, დახმარების დანიშვნა და გაცემის ორგანიზება;
  • "სახელმწიფო პენსიის შესახებ" და "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონებით ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელება;
  • მოსახლეობის სოციალური დაცვის სფეროში შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების განხორციელება;
  • საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებით დონორ ქვეყნებთან, საერთაშორისო ან ადგილობრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარება, ერთობლივი პროექტების შემუშავება და განხორციელება;
  • სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;
  • საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული სხვა ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელება.

სააგენტოს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. სააგენტო მასზე დაკისრებულ ფუნქციებს ახორციელებს ცენტრალური აპარატისა და საქართველოს შესაბამის რეგიონებში არსებული ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით.




"სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, შესაძლებლობის შეზღუდვის შესახებ დასკვნა გამოაქვს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ განსაზღვრულ სამედიცინო დაწესებულებას. ვინაიდან 2007 წლის 1 მარტამდე ვერ მოხერხდა შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებების უზრუნველყოფა ტექნიკური, ფინანსური და სამართლებრივი თვალსაზრისით, 2007 წლის 16 მარტს კანონში შევიდა ცვლილება, რომლითაც შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს განსაზღვრული ვადით გაუგრძელდათ მინიჭებული სტატუსის მოქმედების ვადა. კერძოდ, იმ პირებს, რომელთაც შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მოქმედების ვადა გაუვიდათ ან გაუვათ 2007 წლის 1 იანვრიდან 2007 წლის 1 მაისამდე, უნარჩუნდებათ აღნიშნული სტატუსი ხელახლა გადამოწმებამდე, მაგრამ არა უგვიანეს 2007 წლის მაისისა.




2006 წლის 29 დეკემბერს მიღებულ იქნა კანონი "სოციალური დახმარების შესახებ" , რომლიც განსაზღვრავს სახელმწიფოს პოლიტიკას სოციალური დახმარებების სფეროში. კანონის ძირითადი ნაწილი ძალაში შედის 2008 წლის 1 სექტემბრიდან. კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს. კანონი აგებულია შემდეგ პრინციპებზე:

  • სოციალური დახმარების, როგორც საჭიროების შეფასებაზე დაფუძნებული სახელმწიფო მხარდაჭერის, მაგრამ არა კანონით გარანტირებული უპირობო უფლების აღიარება;
  • სოციალური დახმარების სისტემის მეშვეობით სათანადო რესურსების მიზანმიმართული გადანაწილება სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირებზე, ღატაკ ოჯახებზე და უსახლკარო პირებზე;
  • სოციალური მომსახურების ალტერნატიული სახეების განვითარების ხელშეწყობა.

კანონი განსაზღვრავს თუ რისგან შედგება სოციალური დახმარების სისტემა, რომელიც მოიცავს ნებისმიერი სახის, ფულადი ან არაფულადი ხასიათის სარგებელს, რომელიც განკუთვნილია:

  • სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირისათვის, რომელსაც განეკუთვნებიან- ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებული ბავშვები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი; ოჯახის მზრუნველობამოკლებული, თვითმომსახურების შეზღუდული უნარის მქონე სრულწლოვანი;
  • ღატაკი ოჯახისათვის, რომელსაც განეკუთვნებიან- განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრები პირი ან პირთა წრე, რომელიც ეწევა ერთობლივ შინასამეურნეო საქმიანობას და რომლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ დონეზე ნაკლებია;
  • უსახლკარო პირთათვის, რომელთაც განეკუთვნებიან-მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილის არმქონე პირები, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში რეგისტრირებული არიან, როგორც უსახლკარო პირები.

კანონი ადგენს ფულადი სოციალური დახმარების შემდეგ სახეებს:

  • საარსებო შემწეობა-არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მტავრობა, ხოლო მისი დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი დგინდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ;
  • საყოფაცხოვრებო სუბსიდია-არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია საქარტველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სოციალურ კატეგორიას მიკუთვნებულ პირთათვის გათვალისწინებული საყოფაცხოვრებო-კომუნალური მომსახურებისა და სხვა ხარჯების ასანაზღაურებლად. საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობა, მიმღებ პირთა წრე, მისი დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები რეგულირდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით;
  • რეინტეგრაციის შემწეობა-არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც მიეცემა სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირის ბიოლოგიურ ოჯახს, მეურვეს (მზრუნველს), რომელიც ამ პირს სპეციალიზირებული დაწესებულებიდან გაიყვანს ოჯახურ გარემოში საცხოვრებლად და გაუწევს მას სატანადო მზრუნველობას. რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა, ხოლო მისი დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი დგინდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ;
  • შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურება-არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც მიეცემა დედობილ-მამობილს შვილობილის მოვლისა და აღზრდისათვის გაწეული შრომის ასანაზღაურებლად. შვილობილად აყვანის ანაზრაურების დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი დგინდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ;
  • სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურება- არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც მიეცემა პირს, რომელიც სრულწლოვანს სპეციალიზებული დაწესებულებიდან გაიყვანს ოჯახურ გარემოში საცხოვრებლად და გაუწევს მას სატანადო მზრუნველობას. სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზრაურების ოდენობასა და გაცემის პერიოდულობას განსაზრვრავს საქართველოს მთავრობა, ხოლო მისი დანიშვნის, სეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

კანონს აგრეთვე შემოაქვს არაფულადი სოციალური დახმარების ცნება, რომელიც შეიძლება გაეწიოს:

  • სპეციალური საჭიროების მქონე პირს;
  • პრევენციის მიზნით, აგრეთვე ბავშვს ან/და მის ოჯახს, როდესაც ოჯახში არსებული მდგომარეობა ბავშვის მზრუნველობამოკლებულად ცნობის დასაბუთებული წინაპირობაა.

არაფულადი სოციალური მომსახურების სტანდარტები, აგრეთვე ოჯახში არსებული მდგომარეობის შეფასების კრიტერიუმები, რომელთა მეშვეობითაც დგინდება ბავშვის მზრუნველობამოკლებულად ცნობის რისკის მაჩვენებელი, განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ.

შენიშვნა: რეინტეგრაციის შემწეობასთან, შვილობილად აყვანის ანაზღაურებასთან და არაფულადი სოციალური დახმარებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმები ძალაში შედის 2008 წლის 1 სექტემბრიდან.

კანონის შესაბამისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში უნდა შეიქმნას სამსახური (სააგენტო), რომელიც:

  • უზრუნველყოფს ფულადი სოციალური დახმარების ადმინისტრირებას;
  • აწარმოებს ქვეყანაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზას, აგრეთვე აწარმოებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში რეგისტრირებულ უსახლკარო პირთა ერთიან რეესტრს;
  • წარმოადგენს ცენტრალურ და ადგილობრივ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს საქართველოს ტერიტორიაზე;
  • უზრუნველყოფს სერტიფიცირებულ სოციალურ მუშაკთა სახელმწიფო რეგისტრაციას.

შენიშვნა: სააგენტოს შექმნასთან და ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმები ძალაში შედის 2008 წლის 1 სექტემბრიდან.

კანონი აგრეთვე არეგულირებს სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირების სპეციალიზებულ დაწესებულებებში მოთავსების, ასეთი დაწესებულებების სახელმწიფო დაფინანსების (თანადაფინანსების), სოციალური მუსაკის საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების, აგრეთვე სოციალური დახმარებების დაფინანსების საკითხები. ამ საკითხების მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების უმრავლესობა ძალაში შედის 2008 წლის 1 სექტემბრიდან.



free web page counter
საიტის მუშაობას უზრუნველყოფს
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი.
თბილისი 0171, 26 მაისის მოედანი2, V სართული
ტელ/Tel: (995 32) 941 605 ფაქსი/Fax:(995 32) 330 417
ელ. ფოსტა/e-mail adm@civilin.org