www.civilin.org/welfare
სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამა ENGLISH
 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

საკანონმდებლო სიახლეები

საქართველოს კანონი "მინდობით აღზრდის შესახებ"

2007 წლის 18 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი "მინდობით აღზრდის შესახებ", შესაბამისად ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 1999 წლის კანონი "ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა შვილობილად აყვანის შესახებ".

"მინდობით აღზრდის შესახებ" საქართველოს კანონის მიზანია მინდობით აღზრდის (შვილობილად აყვანის) სისტემის ამოქმედებით უზრუნველყოს ბავშვზე ზრუნვა და ბავშვების ოჯახურ გარემოში აღზრდის უპირატესი უფლება, ხელი შეუწყოს ბავშვის პიროვნების ჩამოყალიბებას, მის სოციალიზაციას და ადაპტაციას საზოგადოებაში. კანონი აწესრიგებს ურთიერთობებს, რომელიც წარმოიქმნება სახელმწიფოსა და მიმღებ ოჯახს შორის, ადგენს მინდობით აღზრდის წესს, განხორციელების გარანტიებს და შვილობილად აყვანის პროცედურას, აგრეთვე არეგულირებს ბავშვზე ზრუნვის საკითხებზე მომუშავე სოციალურ მუშაკთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. კანონით დარეგულირებულია შემდეგი საკითხები:


რა არის მინდობით აღზრდა (შვილობილად აყვანა) - მინდობით აღზრდა არის მიმღები ოჯახის მიერ შვილობილის მოვლა და აღზრდა, რომელსაც მიმღები ოჯახი ახორციელებს სახელმწიფოსთან დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.


მიმღები ოჯახი და დედობილი/მამობილი - მიმღები ოჯახი არის დედობილის/მამობილის ოჯახი, რომელსაც გადაეცა შვილობილი. ხოლო დედობილი/მამობილი არის მიმღები ოჯახის ის წევრი, რომელსაც სპეციალური მომზადების გავლის შემდეგ მოვლისა და აღზრდისათვის გადაეცა შვილობილი. დედობილი/მამობილი შეიძლება იყოს სრულწლოვანი საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი და საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქე. კანონითვეა გათვალისწინებული იმ პირთა ჩამონათვალი, რომლებიც არ შეიძლება იყვნენ დედობილი/მამობილი, კერძოდ:

  • ის პირი, რომელიც სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად;
  • ის პირი, რომელსაც შეზღუდული, შეჩერებული ან ჩამორთმეული აქვს მშობლის ან მეურვის/მზრუნველის უფლებები და მოვალეობები კანონით დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობის გამო;
  • ის პირი, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია ბავშვის აღზრდა;
  • ის პირი, რომელიც ან რომლის ოჯახის წევრიც სასამართლოს მიერ მსჯავრდებულია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, აგრეთვე ის პირი, რომელსაც ან რომლის ოჯახის წევრსაც ნასამართლეობა არ აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  • ბავშვის მშობელი, მშვილებელი, აგრეთვე მეურვე და მზრუნველი, რომლებსაც აკისრიათ ბავშვის რჩენის ვალდებულება;
  • ის პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობითა და სახელმწიფოსა და მიმღებ ოჯახს შორის დადებული ხელშეკრულებით დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობის გამო ჩამოერთვა შვილობილი.

შვილობილად აყვანას დაქვემდებარებულ ბავშვთა კატეგორია - შვილობილად აყვანას ექვემდებარება ბავშვი, თუ:

  • საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ბავშვს უნდა დაენიშნოს მეურვე ან მზრუნველი, მაგრამ ჯერ არ ჰყავს დანიშნული;
  • ერთ-ერთ ან ორივე მშობელთან შვილის დატოვება მშობლებისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით ბავშვისათვის საზიანოა და ამავდროულად არ არსებობს მშობლის უფლების ჩამორთმევის საფუძველი;
  • ბავშვის დატოვება მეურვესთან ან მზრუნველთან მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით ბავშვისთვის საზიანოა და მეურვე ან მზრუნველი ამის თაობაზე მიმართავს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს;
  • მშობლის უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან იცხოვროს ბავშვმა, შეზღუდულია და ბავშვი უნდა განთავსდეს თავისი ოჯახის გარეთ;
  • მშობლებს ჩამოერთვათ ან შეუჩერდათ მშობლის უფლებები და მოვალეობები და ბავშვი უნდა განთავსდეს თავისი ოჯახის გარეთ.

მინდობით აღზრდის საკითხებზე უფლებამოსილი ორგანოები - 2009 წლის 1 იანვრამდე მინდობით აღზრდასთან დაკავშირებულ საქმიანობას ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და მის სიტემაში არსებული მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოები. ხოლო 2009 წლის 1 იანვრიდან ეს ფუნქციები მთლიანად გადადის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებები და მოვალეობებია:

  • თავის სამოქმედო ტერიტორიაზე შვილობილად აყვანას დაქვემდებარებულ ბავშვთა და ბავშვის შვილობილად აყვანის მსურველ პირთა გამოვლენა;
  • შვილობილად აყვანას დაქვემდებარებულ ბავშვთა, ბავშვის შვილობილად აყვანის მსურველ პირთა, შვილობილთა, დედობილთა და მამობილთა რეგისტრაცია, მათ შესახებ ინფორმაციის სისტემატიზაცია და საინფორმაციო ბანკის წარმოება;
  • დედობილთან/მამობილთან ბავშვის შვილობილად აყვანის შესახებ შრომითი ხელშეკრულების გაფპრმება;
  • დედობილის/მამობილის დროული ფინანსური უზრუნველყოფა გამოყოფილი ანაზღაურებით;
  • დედობილისათვის/მამობილისათვის გამოყოფილი სახსრების მიზნობრივი ხარჯვის კონტროლი;
  • შვილობილის საცხოვრებელი პირობების, აღზრდის, განვითარების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, აგრეთვე დედობილის/მამობილის მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულების ზედამხედველობა;
  • საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.

სოციალური მუშაკის ფუნქციები მინდობით აღზრდის პროცესში - შვილობილად აყვანის პროცესში მონაწილეობას იღებს სოციალური მუშაკი. იგი სერტიფიცირებული, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალური უფლებამოსილებით აღჭურვილი პირია, რომელიც ამზადებს დასკვნას მზრუნველობამოკლებული ბავშვის შვილობილად აყვანის შესახებ. აღსანიშნავია, რომ სოციალური მუშაკების პირველადი სერტიფიცირების პროცესის დასრულებამდე სოციალური მუშაკი შეიძლება იყოს პირი, რომელიც არ არის სერტიფიცირებული. სოციალური მუშაკის უფლება-მოვალეობებია:

  • ბავშვის შვილობილად აყვანის მსურველ პირთა შეფასება მათი ბიოგრაფიის, პიროვნული თვისებების, სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაბამისი დასკვნის მომზადება და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსათვის წარდგენა;
  • შვილობილად ასაყვანი ბავშვის შეფასება მისი ბიოგრაფიის, პიროვნული თვისებების, სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაბამისი დასკვნის მომზადება და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსათვის წარდგენა;
  • შვილობილად ასაყვანი ბავშვისა და ბავშვის შვილობილად აყვანის მსურველ პირთა თავსებადობის შეფასება, შესაბამისი დასკვნის მომზადება და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსათვის წარდგენა;
  • ბავშვის შვილობილად აყვანის მსურველ პირთა, აგრეთვე დედობილის/მამობილის დახმარება და ხელშეწყობა ბავშვის შვილობილად აყვანამდე ან შვილობილის მინდობით აღზრდის პერიოდში; დახმარება შეიძლება ტრენინგსაც მოიცავდეს;
  • ბავშვის ბიოლოგიური ოჯახისათვის, მშვილებლების, მეურვეებისა და მზრუნველებისათვის დასკვნის შემუშავება ბავშვის ოჯახში დაბრუნების მიზნით და დასკვნის შესრულებაზე მონიტორინგის განხორციელება;
  • შვილობილის ან შვილობილად ასაყვანი ბავშვის ინდივიდუალური გეგმის შემუშავება და გეგმის შესრულებაზე მონიტორინგის განხორციელება.

შვილობილად აყვანის საკითხის გადაწყვეტისას გასათვალისწინებელი საკითხები - სოციალური მუშაკი ბავშვის საჭიროებებისა და ბავშვის შვილობილად აყვანის მსურველ პირთა შესაძლებლობების თაობაზე ატარებს კვლევას და შესაბამისად ადგენს დასკვნას. სწორედ ამ დასკვნის საფუძველზე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო იღებს გადაწყვეტილებას შვილობილად აყვანის შესახებ. შვილობილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას დაცული უნდა იქნეს შემდეგი პრინციპები:

  • გათვალისწინებული უნდა იქნეს ბავშვის შვილობილად აყვანის მსურველ პირთა სურვილი ბავშვის ასაკთან, სქესთან და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით;
  • შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ბავშვის ახლო ეთნიკურ, რელიგიურ და კულტურულ გარემოში აღზრდის შესაძლებლობა;
  • ბავშვის შვილობილად აყვანის მსურველ პირთა ოჯახში მცხოვრები ბავშვების, მათ შორის, ბიოლოგიური შვილების და შვილად აყვანილი ბავშვების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შვიდს;
  • ათი წლის ასაკს მიღწეული ბავშვის შვილობილად აყვანა შესაძლებელია მხოლოდ მისი თანხმობით;
  • დაუშვებელია და-ძმის დაშორება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს შეესაბამება მათ ინტერესებს;
  • ასაკობრივი სხვაობა შვილობილსა და დედობილს/მამობილს შორის უნდა იყოს არანაკლებ 15 წლისა.

ხელშეკრულება ბავშვის შვილობილად აყვანის შესახებ - მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო დედობილთან/მამობილთან დებს შრომით ხელშეკრულებას ბავშვის შვილობილად აყვანის შესახებ. შრომითი ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს ნებისმიერი ვადით, შვილობილის მიერ სრულწლოვანების მიღწევამდე. ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს: ბავშვზე ზრუნვისა და მისი აღზრდის პირობებს; დედობილის/მამობილის უფლებებსა და მოვალეობებს; მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებებსა და მოვალეობებს; შვილობილის უფლებებსა და მოვალეობებს; შვილობილზე ზრუნვის ხარჯების ანაზღაურებისა და დედობილის/მამობილის შრომის ანაზღაურების ოდენობას; მხარეთა პასუხისმგებლობასა და ხელშეკრულების შეწყვეტის პირობებს. კანონი ითვალისწინებს იმ შემთხვევებს, როდესაც შრომითი ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს, კერძოდ ეს შეიძლება მოხდეს:

  • მიმღები ოჯახის ინიციატივით, თუ არსებობს დასაბუთებული მიზეზი (ავადმყოფობა, ოჯახური ან მატერიალური მდგომარეობის გაუარესება, შვილობილსა და მიმღები ოჯახის წევრებს შორის კონფლიქტი);
  • მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ინიციატივით, თუ მიმღებ ოჯახში შექმნილია შვილობილზე ზრუნვისა და მისი აღზრდისათვის საზიანო პირობები და გარემო;
  • შვილობილის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნების შემთხვევაში;
  • შვილობილის შვილად აყვანის შემთხვევაში;
  • თუ შვილობილი გახდა სრულწლოვანი;
  • თუ შვილობილი დაქორწინდა;
  • თუ აღარ არსებობს ბავშვის შვილობილად გადაცემის საფუძველი.

დედობილ/მამობილის ფინანსური უზრუნველყოფა - დედობილს/მამობილს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიეცემათ შვილობილზე ზრუნვის ხარჯები და შვილობილად აყვანის ანაზღაურება. შვილობილად აყვანის ანაზღაურება განისაზღვრება შვილობილის ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით. აღსანიშნავია, რომ დედობილს/მამობილს შვილობილის მინდობით აღზრდა ეთვლება შრომით სტაჟში.

დედობილის/მამობილის უფლება-მოვალეობანი - დედობილს/მამობილს შვილობილის მიმართ აკისრია მთელი რიგი უფლება-ვალდებულებანი, კერძოდ:

  • იზრუნოს შვილობილზე მისი ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად;
  • შეუქმნას შვილობილს ნორმალური ოჯახური გარემო;
  • აცნობოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს შვილობილისათვის საზიანო პირობებისა და გარემოს შექმნის შესახებ;
  • საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ხელი შეუწყოს შვილობილის ურთიერთობას მის კანონიერ წარმომადგენელთან და სხვა ახლო ნათესავებთან;
  • იცხოვროს შვილობილთან ერთად;
  • მიმართოს სასამართლოს მშობლის უფლებებისა და მოვალეობების აღსადგენად, რომლებიც შეზღუდული, შეჩერებული ან ჩამორთმეული აქვთ შვილობილის მშობლებს;
  • ბავშვის შვილობილად აყვანის შესახებ შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად მიიღოს შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურება (შვილობილზე ზრუნვის ხარჯების და დედობილის/მამობილის შრომის ანაზღაურება);
  • აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-ვალდებულებები.


არქივი


free web page counter
საიტის მუშაობას უზრუნველყოფს
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი.
თბილისი 0171, 26 მაისის მოედანი2, V სართული
ტელ/Tel: (995 32) 941 605 ფაქსი/Fax:(995 32) 330 417
ელ. ფოსტა/e-mail adm@civilin.org