www.civilin.org/welfare
სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამა ENGLISH
 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

სასარგებლო ინფორმაცია

რას წარმოადგენს საქველმოქმედო ორგანიზაცია
რა ჩაითვლება საქველმოქმედო საქმიანობად
ქველმოქმედების განვითარების სტიმულირების მექანიზმები
საქველმოქმედო ორგანიზაციების სტატისტიკა

რას წარმოადგენს საქველმოქმედო ორგანიზაცია

ზოგადად საქველმოქმედო ორგანიზაციად შეიძლება მოიაზრებოდეს ნებისმიერი ორგანიზაცია, რომლის საქმიანობის სფეროც ქველმოქმედებაა. მაგრამ საგადასახადო ურთიერთობისთვის საქველმოქმედო ორგანიზაციად ითვლება მხოლოდ ის, რომელსაც მინიჭებული აქვს საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი.
საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს ორგანიზაციას, რომელიც შექმნილია საქველმოქმედო საქმიანობის განსახორციელებლად, რეგისტრირებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქვს საქველმოქმედო საქმიანობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება და აკმაყოფილებს საგადასახადო კოდექსით დადგენილ სხვა მოთხოვნებს (მაგ: არსებითადარ უნდა იყოს გადასული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებაზე).
საქველმოქმედო ორგანიზაციას სტატუსს ანიჭებს საგადასახადო ინსპექცია ორგანიზაციის ადგილმდებარეობის მიხედვით, შესაბამისი მონაცემების შემცველი განცხადებისა და აუცილებელი დოკუმენტების წარდგენიდან 1 თვის ვადაში.

საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მიღებისთვის ორგანიზაციამ უნდა წარადგინოს წინასწარ დადგენილი ფორმის წერილობითი განცხადება და შემდეგი დოკუმენტები:

  • ორგანიზაციის წესდების ასლი;
  • რეგისტრაციის მოწმობის ასლი;
  • უკანასკნელი წლის საქმიანობის ანგარიში, რომელიც უნდა შეიცავდეს საქმიანობის (პროექტების, მომსახურების) აღწერას;
  • დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ დადასტურებული უკანასკნელი წლის ფინანსური დოკუმენტები (ბალანსი და მოგება-ზარალის ანგარიში).

საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მიღებასთან ერთად, ორგანიზაციას ეკისრება მთელი რიგი დამატებითი ვალდებულებები.

კერძოდ საქველმოქმედო ორგანიზაციამ, შესაბამის საგადასახადო ორგანოს ყოველი წლის 1 აპრილამდე უნდა წარუდგინოს:

  • ბოლო წლის საქმინობის პროგრამული ანგარიში, რომელიც უნდა შეიცავდეს საქმიანობის (მათ შორის, ეკონომიკურის) აღწერას;
  • ფინანსური ანგარიში მიღებული შემოსავლების შესახებ, წყაროებისა და გაწეული ხარჯების მიზნობრიობის მითითებით;
  • დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ დადასტურებული ბოლო წლის ფინანსური დოკუმენტები;

რა ჩაითვლება საქველმოქმედო საქმიანობად

საქართველოს საგადასახადო კოდექსი პირდაპირ განსაზღვრავს იმ საქმიანობების ჩამონათვალს, რომლებიც ითვლება საქველმოქმედო საქმიანობად, კერძოდ საქველმოქმედო საქმიანობად ითვლება:
1. დახმარების უშუალოდ ან მესამე პირთა მეშვეობით ნებაყოფლობით და უანგაროდ გაწევა

  • იმ პირებისათვის, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ, მათ შორის:
    იმ ფიზიკური პირებისათვის, რომლებიც საჭიროებენ სოციალურ დაცვას ან ადაპტაციას, სამედიცინო დახმარებას, აგრეთვე ხელმოკლე ფიზიკური პირებისათვის, მათ შორის: ინვალიდებისთვის, მოხუცებულებისთვის, ობოლი ბავშვებისთვის, მარჩენალდაკარგულებისთვის, ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირებისთვის-დევნილებისთვის, ავადმყოფებისათვის, მრავალშვილიანი ოჯახებისა და მათი წევრებისათვის, ომის, შეიარაღებული კონფლიქტების, ავარიების, სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, ეპიდემიების ან/და ეპიზოოტიების შედეგად დაზარალებულებისათვის;
  • ბავშვთა, მოხუცებულთა და ინვალიდთა მომვლელი ან მომსახურე ორგანიზაციებისათვის, მათ შორის: ბავშვთა სახლებისათვის, სკოლა-ინტერნატებისათვის, ინტერნატებისათვის, სკოლამდელი და სხვა საბავშვო დაწესებულებებისათვის, მოხუცებულთა სახლებისათვის, უფასო სასადილოებისათვის, სამედიცინო დაწესებულებებისათვის, სარეაბილიტაციო ცენტრებისათვის;
  • საქველმოქმედო ორგანიზაციებისათვის;
  • რელიგიური ორგანიზაციებისათვის;
    განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ფიზიკური პირებისათვის - მათი ტალანტის განვითარების მიზნით;
  • სასჯელაღსრულების დაწესებულებებისთვის - მათში მოთავსებულ პირთა მოვლის ან სამედიცინო მომსახურების პირობების გაუმჯობესების მიზნით;
  • იმ პირებისათვის, რომლებიც ახორციელებენ საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობას შემდეგ სფეროებში: ადამიანის უფლებების დაცვა, გარემოს დაცვა, დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, კულტურა, განათლება, მეცნიერება, ჯანმრთელობის დაცვა, სოციალური დაცვა, ფიზიკური აღზრდა და სამოყვარულო სპორტი, ხელოვნება.

2. ორგანიზაციების მიერ საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელება ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ადამიანის უფლებების დაცვა, გარემოს დაცვა, დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, კულტურა, განათლება, მეცნიერება, ხელოვნება, ფიზიკური აღზრდა და სამოყვარულო სპორტი, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დაცვა.

ქველმოქმედების განვითარების სტიმულირების მექანიზმები

საგადასახდო კოდექსში ჩადებულია ქველმოქმედების განვითარების სტიმულირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი, კერძოდ საგადასახადო კოდექსის 186-ე მუხლის შესაბამისად, ნებისმიერი საწარმო, რომელიც საქველმოქმედო ორგანიზაციებზე გასცემს შემოწირულობას, ერთობლივი შემოსავლიდან გამოექვითება გაცემული შემოწირულობის თანხა, მაგრამ გამოსაქვითი თანხა არ უნდა აღემატებოდეს დასაბეგრი მოგების 8 პროცენტს.

სხვანაირად, რომ ვთქვათ, საწარმოების მიმართ ზემოაღნიშნული მექანიზმი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოქმედებს, თუ ისინი შემოწირულობის თანხას გადასცემენ საქველმოქმედო სტატუსის მქონე ორგანიზაციებს.

საქველმოქმედო ორგანიზაციების სტატისტიკა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით 2007 წლის მარტის თვის მდგომარეობით, საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი მინიჭებული აქვს 39 ორგანიზაციას.

  • ქ. თბილისი – 31 ორგანიზაცია.
  • აჭარის ა/რ – 2 ორგანიზაცია.
  • იმერეთი – 3 ორგანიზაცია.
  • სამცხე ჯავახეთი – 1 ორგანიზაცია.
  • ქვემო ქართლი – 1 ორგანიზაცია.
  • კახეთი – 1 ორგანიზაცია.

შენიშვნა: საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებისა და ჩამორთმევის ძირითადი საკითხები განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-14, 30-ე და 32-ე მუხლებით.



free web page counter
საიტის მუშაობას უზრუნველყოფს
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი.
თბილისი 0171, 26 მაისის მოედანი2, V სართული
ტელ/Tel: (995 32) 941 605 ფაქსი/Fax:(995 32) 330 417
ელ. ფოსტა/e-mail adm@civilin.org