|
სახელმწიფო დაფინანსება
სოციალურ
სფეროზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციები მოსახლეობას იმ
მომსახურებით უზრუნველყოფენ, რომლის მიწოდებაც სახელმწიფოს ვალდებულებად
მოიაზრება. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო დაფინანსების წილი ამ ორგანიზაციების
შემოსავლებში დაბალია. კვლევები ცხადყოფენ, რომ სოციალურ სფეროში მოქმედი
საზოგადოებრივი ორგანიზაციები მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებულნი დონორების
დაფინანსებაზე. პროექტის ფარგლებში ჩატარებული სოციალურ სფეროზე ორიენტირებული
საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების საერთო ეროვნული კვლევა უჩვენებს,
რომ დონორების დაფინანსების წილი სოციალურ სფეროზე ორიენტირებული
საზოგადოებრივი ორგანიზაციების საერთო შემოსავლებში 87.8 პროცენტს შეადგენს (დიაგრამა #1).
თუმცა, დაფინანსების სხვა წყაროებს შორის (ბიზნესი, შემოწირულობა კერძო პირისგან,
თვითდაფინანსება), სახელმწიფოს წილი სოციალურ სფეროზე ორიენტირებული
ორგანიზაციების დაფინანსებაში ყველაზე მაღალია (დიაგრამა #2).
კვლევამ გამოავლინა
ის სახელმწიფო ორგანოები, რომლებიც ახდენენ სოციალურ სფეროზე ორიენტირებული
საზოგადოებრივი ორგანიზაციების სუბსიდირებას ან ყიდულობენ მათგან მომსახურებას (დიაგრამა #3).
სახელმწიფოს დაფინანსებით პროექტები განხორციელებულია უმეტესად ორი სახის წყაროდან:
ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი და სამინისტროები (განათლებისა და მეცნიერების
სამინისტრო და შრომის, სოციალური დაცვისა და ჯანმრთელობის სამინისტრო).
გამოკითხულ ორგანიზაციებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
სამი სტრუქტურის საშუალებით აქვთ განხორციელებული პროექტები: საზოგადოებრივი
ჯანდაცვის დეპარტამენტი, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი
და საქართველოს სოციალური დაცვისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტო.
ადგილობრივი თვითმმართველობების საშუალებით ორგანიზაციებს განხორციელებული აქვთ
უმეტესად ერთჯერადი ხასიათის ღონისძიებები (წიგნების გახმოვანება უსინათლოებისთვის,
მოხუცებულთა ერჯერადი ფულადი დახმარება, სამედიცინო პროფილაქტიკური შემოწმება,
საახალწლო საჩუქრები, ბენეფიციარების პურით მომარაგება და ა.შ.)
საერთო ჯამში ადგილობრივი თვითმართველობის მიერ გამოყოფილი თანხები
ორგანიზაციებისთვის შეადგენს 125603 ლარს ბოლო ორი წლის განმავლობაში (ორგანიზაციების
მიერ მოწოდებული ინფორმაცია).
სამინისტროების მიერ დაფინანსებული პროექტები უფრო გრძელვადიანია და მიმართულია ამა
თუ იმ ორგანიზაციის ბენეფიციართა გრძელვადიან ზრუნვაზე (1-2 წელი): დღის ცენტრი,
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ინტეგრაცია და რეაბილიტაცია, შინ
მომსახურება, ინკლუზიური ბაღი, სასწავლო მეთოდური სახელმძღვანელოების გამოცემა და
ა.შ.
საერთო ჯამში სამინისტროების მიერ გამოყოფილი თანხები ორგანიზაციებისთვის შეადგენს 1 108 428
ლარს ბოლო ორი წლის განმავლობაში (ორგანიზაციების მიერ მოწოდებული ინფორმაცია).
სახელმწიფო ახდენს სოციალური მომსახურების შესყიდვას ქვეყანაში მოქმედი
საზოგადოებრივი ორგანიზაციებისგან. თუმცა, დღევანდელ დღეს სახელმწიფოს მიერ
ორგანიზაციებისგან მომსახურების შესყიდვა რეგულირდება კანონით სახელმწიფო
შესყიდვების შესახებ , რომელსაც გამოკითხული ორგანიზაციები არ მოიაზრებენ
მომსახურების შესყიდვის ეფექტურ მექანიზმად (დიაგრამა #4).
მექანიზმის
არაეფექტურობის მიზეზად ორგანიზაციები შემდეგ ფაქტორებს ასახელებენ: სატენდერო
დოკუმენტაციის მომზადების სირთულე ტენდერის პროცედურების გაუმართაობა, სახელმწიფოს
მიერ მომსახურებაზე დადგენილი ფასების სიმცირე, სატენდერო ხელშეკრულების სახე,
რომელიც არის სახელმწიფო შეკვეთა, ამდენად, იბეგრება ისთივე რეჟიმში, როგორც
სამეწარმეო საქმიანობა. გარდა ამისა ზრუნვაზე ორიენტირებული საზოგადოებრივი
ორგანიზაციების ნაწილისთვის ტენდერის შესახებ ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი. ეს
პრობლემა განსაკუთრებულად მწვავედ დგას რეგიონის ორგანიზაციების წინაშე.
პროექტის "სოციალურ სფეროზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების
საარსებო გარემოს გაუმჯობესება" ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა შეიმუშავოს
სოციალურ სფეროზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციებისგან სახელმწიფოს მიერ
მომსახურების შესყიდვის ეფექტური მექანიზმი, რომელიც სახელმწიფოსა და ამ
ორგანიზაციების ურთიერთობაში ჩაანაცვლებს კანონს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ.
ამ მიმართულებით, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა განავითარა დაფინანსების
ალტერნატიული მოდელი, რომელშიც სოციალურ სფეროზე ორიენტირებული საზოგადოებრივი
ორგანიზაციების დაფინანსება მოხდება სახელმწიფო გრანტის/სუბსიდიის მექანიზმით.
მოდელის ძირითადი სიმძლავრე ის არის, რომ საგრანტო დაფინანსების შემთხვევაში
სახელმწიფოს მიერ გაცემული თანხები ავტომატურად მოექცევა დაბეგვრის შეღავათიან
რეჟიმში (განსხვავებით დღევანდელი მოდელისგან, რომელშიც სახელმწიფოს მიერ გაცემული
თანხა იბეგრება ისევე, როგორც სამეწარმეო საქმიანობა). დაბეგვრის საგრანტო რეჟიმი
ორგანიზაციებს საშუალებას მისცემს ოპერაციები განახორციელონ შეღავათიან
საგადასახადო გარემოში და თანხები მაქსიმალურად გამოიყენონ ძირითადი მიზნების
მისაღწევად (დეტალურად მოდელის შესახებ, იხილეთ: საქართველოს არასამეწარმეო
კანონმდებლობა გამოწვევები და პერსპექტივა ).
სახელმწიფო პროგრამები სოციალურ სფეროში
|