|
დეინსტიტუციონალიზაცია საქართველოში
საქართველოს მთავრობამ ბავშვთა უფლებების დაცვა და ბავშვზე ზრუნვა სახელმწიფოს პრიორიტეტად აღიარა. დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი ქვეყანაში ბავშვთა უფლებათა დაცვის და ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმის ფარგლებში მიმდინარეობს. ამდენად, პროცესი არ ფარავს შეზღუდული უნარების მქონე პირებს.
ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმის ფარგლებში ხელისუფლებამ დაიწყო სააღმზრდელო დაწესებულებაში მყოფი ბავშვების დეინსტიტუციონალიზაციის და მათი ოჯახურ გარემოში აღზრდის უზრუნველყოფისკენ მიმართული პროცესი. თუმცა, არ არის ჩამოყალიბებული ბავშვთა დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის გრძელვადიანი პოლიტიკა.
2005 წლის 21 აპრილის დადგენილებით, საქართველოს მთავრობამ, ევროსასურსათო უსაფრთხოების პროგრამის წინაშე საქართველოს სახელმწიფოს ვალდებულების ფარგლებში, გაერთიანებული ერების ბავშვთა უფლებათა კონვენციის მე-4 მუხლის შესაბამისად დაამტკიცა ბავშვთა დაცვისა და დეინსტიტუციონალიზაციის სამთავრობო სამოქმედო გეგმა. სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს:
- ბავშვზე ზრუნვის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის გადასინჯვას, შესაბამისი ცვლილებების და საკანონმდებლო ინიციატივების წარდგენას;
- ბავშვთა ინსტიტუციონალური ქსელის რაციონალიზაციას და ოპტიმიზაციას;
- ბავშვზე ზრუნვის საკითხებზე მომუშავე სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურების პასუხისმგებლობების ერთიანი სამთავრობო სტრუქტურის ქვეშ მოქცევას;
- შეზღუდული უნარების მქონე ბავშვების და მათი ოჯახების რეგისტრაციის სისტემის ჩამოყალიბებას;
- მარგინალური ჯგუფის ბავშვების სოციალურ ინკლუზიას;
- საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას ბავშვზე ზრუნვის საკითხებში.
ამავე დადგენილებით დაარსდა ბავშვთა დაცვისა და დეინსტიტუციონალიზაციის სამთავრობო კომისია. კომისია საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოა. კომისიის ფუნქციაა ბავშვთა დაცვისა და დეინსტიტუციონალიზაციის სამთავრობო სამოქმედო გეგმის ეფექტიანად განხორციელების და საქართველოს მთავრობისთვის შესაბამისი წინადადებების წარდგენის უზრუნველყოფა. კომისიის შემადგენლობა აერთიანებს განათლების და მეცნიერების მინისტრს, ფინანსთა მინისტრს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრს.
კომისიის მიერ შემუშავდა ბავშვზე ზრუნვის სტანდარტები ოჯახის ჩამნაცვლებელი მომსახურებისთვის, რომლებიც 2007 წლის 18 იანვრის საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დამტკიცდა. სტანდარტები 2008 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდება. 2008 წლამდე სტანდარტები სარეკომენდაციო დატვირთვის მატარებელია. ბრძანებით, რეკომენდაცია ეძლევათ საბავშვო სააღმზრდელო დაწესებულებებს, მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოებს, შესაბამის დაინტერესებულ პირებს ამოქმედებამდე დანერგონ დოკუმენტით გათვალისწინებული ნორმები და მოთხოვნები.
საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფ ბავშვთა დახმარების ალტერნატიული ფორმების პროგრამის ჩარჩოში ახორციელებს სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფ ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დეინსტიტუციონალიზაციის და ბავშვთა მიტოვების თავიდან არიდების ქვეპროგრამას. ქვეპროგრამის მიზანია საციალურად დაუცველი ბავშვების ოჯახში აღზრდის უფლების უზრუნველყოფა. ქვეპროგრამით, მიზანი სამი გზით მიიღწევა:
- ბავშვთა სახლებსა და სკოლა-პანსიონებში ბავშვთა განთავსების, ბავშვების მიტოვების თავიდან არიდება;
- ბავშვთა სახლებსა და სკოლა-პანსიონებში განთავსებული ან მიტოვებული ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნება;
- პროფესიონალური შვილობილობის შეთავაზება იმ ბავშვებისთვის, რომლებიც არაბიოლოგიურ ოჯახში მოკლე ან გრძელვადიან მზრუნველობას საჭიროებენ.
ქვეპროგრამის ფარგლებში სამინისტრო მუშაობს ინსტიტუციების ოპტიმიზაციის მიმართულებით. ოპტიმიზაცია ითვალისწინებს ინსტიტუციების ღრმა შესწავლას, თითოეული ინსტიტუციის გარდაქმნის ინდივიდუალური გეგმის შემუშავებას ადგილობრივი ბავშვების და საზოგადოების საჭიროებების საპასუხოდ (დაწესებულების სტრუქტურის, პროფილის შეცვლას ბავშვზე ზრუნვის ახალი მომსახურების შესაქმნელად). წინასაოპტიმიზაციო პერიოდში ფასდება ადგილობრივი ბავშვების, ადგილობრივი თემის, ინსტიტუციის გარდაქმნის საჭიროება. ამ მიმართულებით, თიანეთის მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სკოლა-ინტერნატი გარდაიქმნა ბავშვთა დღის ცენტრად. შედეგად, 140 ბავშვი ბიოლოგიურ ოჯახს დაუბრუნდა. სამინისტრო ეტაპობრივად გეგმავს ბავშვთა სამზრუნველო დაწესებულებების გაუქმებას; მათ ნაცვლად ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული ზრუნვის საზოგადოებაზე დაფუძნებული ფორმების განვითარებას.
სააღმზრდელო დაწესებულებები, რომლებიც შენარჩუნდებიან იმ შემთხვევებისთვის, როდესაც არ არსებობს ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნების შესაძლებლობა ან შვილობილობის შეთავაზების შესაძლებლობა, უნდა გახდნენ უკანასკნელი და დროებითი ალტერნატივა და უნდა შეესაბამებოდნენ საერთაშორისო სტანდარტებს. ამგვარად, დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი აერთიანებს ინსტიტუციების ჩამნაცვლებელი საზოგადოებაზე/თემზე ან უფრო მცირე ერთეულზე დაფუძნებული სოციალური ზრუნვის ფორმების განვითარებას.
ზემოთაღწერილი პროცესის ფონზე იკვეთება გრძელვადიანი დაწესებულებების ჩამნაცვლებელი საზოგადოებაზე/თემზე დაფუძნებული ზრუნვის ფორმების განვითარების საჭიროება. ხელისუფლების და არასამთავრობო სტრუქტურების მოქმედებები უნდა მიიმართოს სოციალური მომსახურების მიწოდების გაფართოებისკენ რეგიონალურ და ადგილობრივ დონეებზე. ამ ეტაპზე, დეინსტიტუციონალიზაციის მიმდინარე პროცესში ნაკლებად არის ჩართული არასამთავრობო სექტორი, რომელსაც ზრუნვის ალტერნატიული ფორმების განვითარების, ახალი ტიპის სოციალური მომსახურების მიწოდების პოტენციალი გააჩნია. ამ კონტექსტში, ხელისუფლების და სოციალურ სფეროზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების მჭიდრო თანამშრომლობა ხელს შეუწყობს და დააჩქარებს სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისი ზრუნვის ალტერნატიული ფორმების დანერგვას ქვეყნის მასშტაბით.
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ ინიცირებული პროექტი `სოციალურ სფეროზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის ეფექტური საარსებო გარემოს შექმნა~ პასუხობს მიმდინარე პროცესის საჭიროებას. პროექტი სოციალურ სფეროზე ორიენტირებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ზრუნვის ახალი ფორმების განვითარების ხელშემწყობ სტრუქტურებად, საზოგადოებაზე დაფუძნებული ახალი ტიპის სოციალური მომსახურების მიმწოდებლად მოიაზრებს. ამ მიმართულებით, პროექტი გეგმავს ხელი შეუწყოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების მოქნილი სამოქმედო გარემოს შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს ამ ტიპის ორგანიზაციების პოტენციალის სრულ გამოყენებას დეინსტიტუციონალიზაციის პროცესში.
|