www.civilin.org/welfare
სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამა ENGLISH
 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

ძალადობის მსხვერპლი ბავშვების შესახებ
გამოხმაურება

ბოლო ხანებში ქართული მედია აქტიურად აშუქებს ოჯახური ძალადობის საკითხებს, ამის ნათელი მაგალითია ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემის „სპეციალური რეპორტაჟის“ ბოლო ორი გამოშვება, რომლებშიც ასახული იყო ბავშვებზე ძალადობის ფაქტები. იმედია, სახელმწიფო, მედია და სამოქალაქო სექტორი ერთობლივად მოახერხებს ამ პრობლემების მოგვარებას, იმ გულგრილობის დაძლევას, რომელიც სამწუხაროდ ჩვენს საზოგადოებაშია გამეფებული.
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (სი–ეს–აი) სამოქალაქო საზოგადოებას, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ შეახსენებს ინფორმაციას „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლების შესახებ, რომლებიც უზრუნველყოფენ არასრულწლოვანის ძალადობისგან დაცვას, ანუ გზას თუ როგორ შეგვიძლია ყოველმა ჩვენგანმა დახმარება გავუწიოთ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.

 

ოჯახში ძალადობის ნებისმიერი ფორმის არსებობისას, მხოლოდ მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს* აქვს უფლება სასამართლო წესით მოითხოვოს არასრულწლოვანის განცალკევება მოძალადე მშობლისაგან/მშობლებისაგან და მისი თავშესაფარში მოთავსება. კერძოდ, იმავე კანონის მე–14 მუხლის მიხედვით:
1. არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის შემთხვევაში – მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შემთხვევაში სასამართლო განიხილავს არასრულწლოვანთან მოძალადე მშობლის/მშობლების ურთიერთობის საკითხს. არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის კვალის არსებობისას სასამართლოს წინაშე შეიძლება დაისვას დროებითი ღონისძიების სახით მოძალადე მშობლისაგან/მშობლებისაგან არასრულწლოვნის განცალკევების საკითხი სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
2. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში არასრულწლოვანს 14 წლის ასაკიდან უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს თავისი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად. ამ შემთხვევაში სასამართლო ნიშნავს საპროცესო წარმომადგენელს და განიხილავს საქმეს. არასრულწლოვან მოსარჩელეს უფლება აქვს, არ დაეთანხმოს თავის საპროცესო წარმომადგენელს და თვითონ დაიცვას თავი. სასამართლო ვალდებულია ასეთ საქმეში ჩააბას მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო.

 

* მეურვეობის და მზრუნველობის ორგანო – სოციალური მომსახურების სააგენტო
(www.ssa.gov.ge)

 

ძალადობის შემთხვევების შესახებ შემოსული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს სოციალური მომსახურების სააგენტოს სატელეფონო ზარის საშუალებით (ცხელი ხაზი 91-00-46).

 

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (სი–ეს–აი) უკვე ოთხი წელია მუშაობს იმ საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხელშეწყობაზე, რომლებიც საზოგადოებაში ნაკლებად ჩართული ადამიანების ცხოვრების თუნდაც მცირედით გაუმჯობესებაზე წლობით, დაუღალავად და ხშირად მხოლოდ ენთუზიაზმის ამარა, მოხალისეობრივ საწყისებზე მუშაობენ. ერთ–ერთი ასეთი ორგანიზაციაა „ბავშვი და გარემო“, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემის „სპეციალური რეპორტაჟის“ ერთ–ერთ გამოშვებაში (19.02.2011) არცთუ სასიამოვნო ფორმით იყო ნაჩვენები. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს მხოლოდ გაუგებრობის ბრალია.

 

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (სი–ეს–აი) სამოქალაქო საზოგადოებას, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ მიაწვდის ინფორმაციას ორგანიზაცია „ბავშვი და გარემოს“ საქმიანობის შესახებ.

 

„ბავშვი და გარემოს“ ბენეფიციარებს ხშირად „ქუჩის ბავშვებს“ უწოდებენ, მიმართვის ეს ფორმა ბევრს სამართლიანად აღიზიანებს, თუმცა ყველაზე ხშირად მათ სწორედ ასე მოიხსენიებენ... მათი და ორგანიზაცია „ბავშვი და გარემოს“ ურთიერთობა 90–იანი წლებიდან იწყება. რამდენიმე მეგობარმა ქუჩაში მყოფი ბავშვების პრობლემების მოგვარებაზე დაიწყო ზრუნვა. მოხალისეებმა შექმნეს მობილური სამსახური, რომლის მიზანიც ამ ბავშვების დახმარება იყო... ორი წლის შემდეგომ მათ 125 ბავშვი აკითხავდა. შეხვედრა ღია ცის ქვეშ, წინასწარ დათქმულ დროს და ადგილას – „ალექსანდროვისა“ და „კიროვის“ ბაღებში და მეტრო დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე ხდებოდა , რაც ორი წელი გაგრძელდა... ენთუზიასტები შეძლებისდაგვარად უვლიდნენ, ეთამაშებოდნენ, ასწავლიდნენ წერა–კითხვას, მოხალისე პედაგოგები, ფსიქოლოგები და ექიმები დახმარებას უწევდნენ... ორი წლის თავზე ყველაფერმა ორგანიზაციის სახე მიიღო – ერთ–ერთი საგრანტო პროექტის ფარგლებში პირველი სადღეღამისო ცენტრი „ბეღურები“ გახსნეს, სადაც უსახლკაროებს შეეძლოთ გარკვეული პერიოდი შეეფარებინათ თავი და საბაზისო დახმარება მიეღოთ. პროექტმა საშუალება მისცათ რომ მობილურ სამსახურსაც გაეგრძელებინა ფუნქციონირება... შემდეგ დაარსეს რამდენიმე დღის ცენტრი თბილისში, ჭიათურასა და , რუსთავში ქუჩაში მყოფი იმ ბავშვებისთვის, რომელთაც თავშესაფარი კი ჰქონდათ, მაგრამ მთელ დღეს ქუჩაში ატარებდნენ, ასე შეიქმნა ბავშვებისათვის გარემო და საშუალება მიეღოთ არაფორმალური განათლება, ეხატათ, ემღერათ... შეეძინათ სოციალური უნარჩვევები, განვითარებულიყვნენ და გასჩენოდათ სურვილი მეორე დღესაც მისულიყვნენ ცენტრში.

 

პროექტების განხორციელებისთვის „ბავშვი და გარემოს“ ბევრმა დონორმა ორგანიზაციამ გაუწია მხარდაჭერა. ბოლო წლებში აქტიური დიალოგი მიმდინარეობს სოციალურ სფეროში მომუშავე ორგანიზაციებსა და სახელმწიფოს შორის. თანამშრომლობის ერთ–ერთი შედეგია ორგანიზაციების მიერ სახელმწიფოსთვის სერვისების მიწოდება. მაგალითად, ორგანიზაცია „ბავშვი და გარემოს“ მცირე საოჯახო ტიპის სახლი რუსთავში. სახელმწიფო ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაციისთვის ბინა ერთ–ერთმა ბანკმა შეიძინა და მოაწყო, სადაც ბავშვები ახალ გარემოში ცხოვრობენ და ა.შ.

 

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ მივესალმებით ოჯახური ძალადობისა და ძალადობის მსხვერპლი ბავშვების თემით მედიის მხრიდან ასეთ აქტიურ დაინტერესებას. ჩვენ ყველამ – მედია საშუალებებმა, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა და სახელმწიფომ, ჩვენ–ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ პრობლემების მოსაგვარებლად, ადამიანების, მითუფრო ბავშვების უფლებების დასაცავად. თუმცა, ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ურთიერთდახმარებით, თანამშრომლობით და ურთიერთხელშეწყობით. ეს საშუალებას მოგვცემს ერთი კარგი საქმის გაკეთებისას არ გავაფუჭოთ მეორე: არ დავარღვიოთ ბავშვთა უფლებები ან არ ვატკინოთ გული მათ, ვინც უანგაროდ ზრუნავს ბავშვებზე.
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი(CSI)



free web page counter
საიტის მუშაობას უზრუნველყოფს
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი.
თბილისი 0171, 26 მაისის მოედანი2, V სართული
ტელ/Tel: (995 32) 941 605 ფაქსი/Fax:(995 32) 330 417
ელ. ფოსტა/e-mail adm@civilin.org