მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

cssi

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (www.civilin.org) ევროკავშირის მხარდაჭერით იწყებს განაცხადების მიღებას ონლაინ სასწავლო კურსებზე.
თუ თქვენ ხართ:
  • საზოგადოებრივი (არასამთავრობო) ორგანიზაციის წევრი ან თანამშრომელი, სტუდენტი, საჯარო მოხელე, ან სამოქალაქო აქტივისტი
  • გაინტერესებთ საზოგადოებრივი საქმიანობა, გაქვთ სურვილი ჩაერთოთ პოლიტიკის დიალოგის პროცესში, ან თქვენი ინტერესის სფეროა საჯარო სექტორის მონიტორინგი
მაშინ საშუალება გეძლევათ: ყოველდღიური საქმიანობის პარალელურად, სამუშაოდან თუ სწავლიდან მოუწყვეტლად გაიღრმავოთ  ცოდნა და უნარები შემდეგი მიმართულებით:

  • შედეგზე ორიენტირებული პროექტის მართვა
  • საზოგადოებრივი მონაწილეობა
  • ადვოკატირება და ლობირება
  • მუნიციპალური საჯარო ფინანსები
  • საზოგადოებასთან ურთიერთობა და კომუნიკაცია
  • ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტები
 სწავლა დაიწყება მარტში და დასრულდება  მაისში

ონლაინ სწავლების შესახებ:
 
სასწავლო კურსები არის დისტანციური და ყველა აქტივობა: ლექციები,  დისკუსიები, დავალებები, შეფასება და ა.შ. ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. სწავლების გრაფიკი არის მოქნილი და  სტუდენტს თავად შეუძლია დროის გადანაწილება. შესაბამისად, მონაწილეებს ყოველდღიური საქმიანობის პარალელურად შეუძლიათ გაიარონ ონლაინ კურსი და მაქსიმალურად დაზოგონ რესურსები. კურსებზე სწავლა არის უფასო, ხოლო დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.

ონლაინ სასწავლო პროგრამა 2014 წელს დაიწყო და ამ დრომდე რვა ციკლი წარმატებით დასრულდა. ჯამში 8 ციკლის განმავლობაში სწავლებაზე დარეგისტრირდა 3034  მონაწილე, ხოლო ჯამში გაიცა 1 084 სერთიფიკატი. მონაწილეთა 98% კმაყოფილია პროგრამაში მონაწილეობით; 96% თვლის რომ ონლაინ სისტემა მოსახერხებელი და „მეგობრულია" სწავლისთვის; ხოლო 97% თვლის რომ ონლაინ კურსებიდან მიღებული ცოდნა გამოყენებადია მათ საქმიანობაში.
 
ონლაინ კურსებზე რეგისტრაცია:

ონლაინ-სასწავლო პროგრამაზე რეგისტრაციის მსურველებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა. კურსებზე მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. მონაწილეთა შერჩევა ხდება მათი მოტივაციის და საქმიანობის მიხედვით. მონაწილეები, რომლებიც ჩაირიცხებიან კურსებზე, ადმინისტრაცია მეილზე მიაწოდებს დამატებით ინფორმაციას.
იხილეთ ლინკი:  https://goo.gl/forms/T1BTWyGgHaYe7uQ82
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა  27 თებერვალი  2019 წელი
დამატებითი კითხვების  შემთხვევაში დაგვიკავშირდით: (995 32) 2 36 36 00
საკონტაქტო პირი: თათა ბოჭორიშვილი

კურსების აღწერა:

შედეგზე ორიენტირებული პროექტის მართვა
კურსის ფარგლებში  მონაწილეები მიიღებენ როგორც თეორიულ ცოდნას, ისე ინდივიდუალური და ჯგუფური პრაქტიკული დავალებების საშუალებით თავად გაიაზრებენ  პროექტის მართვის ყველა მნიშვნელოვან კომპონენტს,  გაეცნობიან შედეგსა და გავლენაზე ორიენტირებული პროექტის მართვის კონცეფციასა და ამ კუთხით არსებულ თანამედროვე ტენდენციებს. გაიაზრებენ რას ნიშნავს შეფასებითი აზროვნება და როგორ უნდა განახორციელონ სისტემური ცვლილება.
კურსის გავლის შემდეგ  მონაწილეებს გააზრებული ექნებათ პროექტის მართვის ძირითადი ტერმინოლოგია, პროექტის ხარისხის საერთაშორისო კრიტერიუმები, პროექტის დაგეგმვის, განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების პროცესები, პროექტის მსვლელობის თითოეულ ეტაპზე განსახორციელებელი საქმიანობა, არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის საშუალებები, პროექტის მართვისას საჭირო ინსტრუმენტები, როგორიცაა პრობლემებისა და გადაწყვეტილებების ხე, M4P თვალის ინსტრუმენტი შედეგების ჯაჭვი, ლოგიკური ჩარჩო, ბიუჯეტის გეგმა, ინდიკატორების ცხრილი, ანალიტიკური ჩარჩო და ა.შ.  და მათი გამოყენება. კურსის ფარგლებში მსმენელები თავად შეიმუშავებენ  საპროექტო წინადადებებს, რომლებიც ორიენტირებული იქნება გავლენასა და  სისტემური ცვლილების მიღწევაზე.  კურსის მსვლელობისას  მსმენელებს საშუალება ექნებათ სადისკუსიო ფორუმის საშუალებით განიხილონ მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები.
კურსი არის  ინტერაქტიული და ეფუძნება თვითმოტივირებულ სწავლებას, იგი სთავაზობს სტუდენტებს გამოსცადონ შესაძლებლობები და შეაფასონ საკუთარი პროგრესი. შესაბამისად, კურსის განმავლობაში აუცილებელია მონაწილეების აქტიური ჩართულობა სხვადასხვა დისკუსიისა თუ დავალების შესრულების დროს.
კურსს წარუძღვებიან სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენლები: თეიმურაზ ჯალიაშვილი და ნინო მღვდელაძე
 
 
საზოგადოებრივი მონაწილეობა
საზოგადოებრივი მონაწილეობის კურსი შედგება ოთხი მოდულისგან და მოიცავს, როგორც თეორიულ ინფორმაციას, ასევე პრაქტიკულ მასალას, სავარჯიშოებს, ჯგუფურ დავალებებს, ინდივიდუალურ რეფლექსიას, ფორუმზე აქტიურ დისკუსიებს, როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო ტენდენციების შესახებ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საზოგადოებრივი მონაწილეობის რაობა, არსი, ძირითადი პრინციპები და ცნებები, კარგი მმართველობის ოთხი ძირითადი კონცეფცია: ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა, მონაწილეობა და ინკლუზია, მოქალაქეთა მონაწილეობის სხვადასხვა ფორმალური და არაფორმალური მექანიზმები ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების დონეზე (მონაწილეობითი ბიუჯეტირება, სოციალური აუდიტი, მოქალაქეთა პანელი, უკუკავშირის მეთოდები და სხვ.), მოქალაქეთა მონაწილეობასთან დაკავშირებული რისკები და გამოწვევები, მონაწილეობის დონეები, კომუნიკაციის ტიპები და მონაწილეობითი პროცესების ფასილიტაციის ხერხები, ეთიკური სტანდარტები და ნორმები მოქალაქეთა მონაწილეობასთან დაკაშირებით. მონაწილეებს ექნებათ საშუალება აქტიური დისკუსიითა და ინტერაქციით გაეცნონ საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას საზოგადოებრივ მონაწილეობასთან დაკავშირებით, გააანალიზონ და კრიტიკულად შეაფასონ ადგილობრივი კონტექსტი და უკეთ გააცნობიერონ მოქალაქეთა მონაწილეობის მნიშვნელობა პოლიტიკის დაგეგმვის, განხორციელების, შეფასების, ბიუჯეტირების, სახელმწიფო სერვისების მიწოდების პროცესში.
კურსი ეფუძნება ინტერაქტიულ და თვითმოტივირებულ სწავლებას.  იგი სთავაზობს  სტუდენტებს გამოცადონ საკუთარი  შესაძლებლობები. ეს საშუალებას აძლევს მათ შეაფასონ საკუთარი პროგრესი და მოემზადონ მომდევნო მოდულისათვის.
კურსის გავლის შემდეგ მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა განავითარონ საჭირო უნარ-ჩვევები და იქცნენ გონივრული და კონსტრუქციული საზოგადოებრივი მონაწილეობის ინიციატორებად.
კურსს წარუძღვებიან სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენლები: ეკატერინე დანელია და ნინო მღვდელაძე

ადვოკატირება და ლობირება
 კურსის მიზანია მსმენელებმა თეორიული და პრაქტიკული თვალსაზრისით, საბაზისო ცოდნა შეიძინონ ადვოკატირებასა და ლობირებაში. კურსში წამოწეული საკითხები მსმენელს წარმოდგენას შეუქმნის ადვოკატირების და ლობირების სრულ პროცესზე. კურსში განხილულია საქართველოს კონსტიტუციური მოწყობა და მმართველობის ძირითადი ორგანოები, რათა სტუდენტს წარმოდგენა შეექმნას იმ გარემოზე, რომელშიც ლობირებისა და ადვოკატირების კამპანია ხორციელდება. ამასთანავე, კურსი მოიცავს იმ საკითხებს, რაც აუცილებელია ადვოკატირების და ლობირების კამპანიის წარმოებისთვის. ლექციებში  მიმოხილულია თუ როგორ ხდება ლობირების საკანომდებლო რეგულირება საქართველოში, ასევე, როგორ ხდება ადვოკატირების და ლობირების პროცესის დაგეგმვა, რომელი სტრატეგიები და ტექნიკები გამოყენება კამპანიის წარმოებისას და ა.შ. კურსში ასევე განხილულია პრაქტიკული მაგალითები და ქეისები  საქართველოს რეალობიდან, რაც მსმენელს დაეხმარება მომავალში თავად დაგეგმოს და ეფექტურად განახორციელოს ადვოკატირების და ლობირების კამპანია.
კურსის ხელმძღვანელი: ვაჟა სალამაძე

მუნიციპალური საჯარო ფინანსები

სასწავლო კურსი მოიცავს ისეთ საკითხებს როგორიცაა: ეკონომიკის და საჯარო ხელისუფლების ურთიერთმიმართების ზოგადი პრინციპები; საზოგადოებრივი საქონლის, გარეგანი ეფექტების და შემოსავლების გადანაწილების პრინციპები; ადგილობრივი თვითმმართველობის და დეცენტრალიზაციის ძირითადი პრინციპები; მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანიზაციის პრინციპები და მუნიციპალიტეტის როლის გაცნობიერება საჯარო მართვის სისტემაში. მონაწილეები ასევე გაეცნობიან მუნიციპალიტეტის საკუთარ და დელეგირებული უფლებამოსილებებს, საბიუჯეტო სისტემასა და მის პრინციპებს; მუნიციპალურ დონეზე საბიუჯეტო პროცესის, მისი ეტაპების და ჩართული მხარეების ფუნქციებს.
კურსის ხელმძღვანელი: თენგიზ შერგელაშვილი

საზოგადოებასთან ურთიერთობა და კომუნიკაცია
კურსის მიზანია მსმენელებმა გაიგონ საზოგადოებასთან ურთიერთობის ძირითადი არსი, რომელიც მდგომარეობს ორგანიზაციის მიზანმიმართულ კომუნიკაციაში საკუთარ სამიზნე აუდიტორიასა და დაინტერესებულ მხარეებთან, რომელიც ორმხრივი სარგებლის მიღებაზეა ორიენტირებული. კურსი სასარგებლო იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც დაინტერესებულია საზოგადოებასთან ურთიერთობის ძირითადი ამოცანებისა და განხორციელების თანამედროვე ინსტრუმენტების თეორიით. კურსის გავლის შემდეგ, მსმენელებს შეეძლებათ: ჩამოაყალიბონ საზოგადოებასთან ურთიერთობის ძირითადი არსი და მის წინაშე მდგარი უმთავრესი ამოცანები, მოახდინონ მისი განსხვავება ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების სხვა მიმართულებებისაგან, ასევე განსაზღვრონ სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციის საკომუნიკაციო ამოცანები და დაგეგმონ შესაბამისი საზოგადოებასთან ურთიერთობის და ადვოკატირების კამპანია.
კურსის ხელმძღვანელი: კახა მაღრაძე

ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტები
კურსის მიზანია მსმენელი გაეცნოს საქართველოს ნორმატიული აქტების სისტემას და იერარქიას, მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შემუშავების, მიღების, გამოქვეყნებისა და გაუქმების საკითხებს. შესაბამისად კურსი მოიცავს ისეთ ძირითად საკითხებს, როგორიცაა საქართველოს ნორმატიული აქტების იერარქია, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებები ნორმატიული აქტების მიღების სფეროში, მუნიციპალიტეტების ორგანოების/თანამდებობის პირების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტების შემუშავების, მიღების და გამოქვეყნების წესები, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ძალადაკარგულად გამოცხადება, მუნიციპალიტეტის სამართლებრივ აქტებთან დაკავშირებული  სხვა საკითხები.
კურსის ხელმძღვანელი: ლევან ფანიაშვილი